კრემლი უარყოფს რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ომის გაყინვა შესთავაზა

კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი უარყოფს, რომ ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის უკრაინის კონფლიქტის გაყინვა შესთავაზა. როგორც პრესბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პეკსკოვმა განაცხადა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
“არა, ეს სიმართლე არაა”, – განაცხადა პესკოვმა ბრიფინგის დროს კითხვაზე პასუხის გაცემის დროს.
მანამდე, სააგენტო „როიტერმა“ რუს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვის შესახებ. მედიასაშუალების ცნობით, ეს საკითხი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შუამავლების საშუალებით განიხილებოდა.
კერძოდ, პუტინი შეთავაზება გულისხმობდა ომის გაყინვას ამჟამინდელი მდგომარეობით და არ ითვალისწინებდა მის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების დათმობას.
გამოცემა იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონს სიგნალები 2023 წელსაც, საჯარო და კერძო შუამავლების საშუალებითაც გაუგზავნა. უფრო კონკრეტულად მოიაზრებიან მოსკოვის არაბი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში. გზავნილი გულისხმობდა, პუტინი მზად იყო განეხილა ომის შეწყვეტა უკრაინაში.
შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებაზე, რომელიც კონფლიქტის გაყინვის მიზნით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. Reuters-ი ამ მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ წყაროზე დაყრდნობითი იუწყება.
„ამერიკელებთან კონტაქტებს არაფერი მოჰყოლია”, – განუცხადა სააგენტოს რუსეთის მაღალჩინოსანმა, რომელიც იცნობს 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში მიმდინარე მოლაპარაკებას.
წყაროთა თანახმად, კრემლი ვაშინგტონს სთავაზობდა მხოლოდ სამხედრო ოპერაციების გაყინვას ფრონტის ხაზზე ამჟამად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით და არ სურდა მის მიერ ოკუპირებული, უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა.
კიდევ ერთი რუსული წყაროს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა შუამავლების მეშვეობით მოსკოვს აცნობა, რომ უკრაინის მონაწილეობის გარეშე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას არ განიხილავს და შესაბამისად, მოლაპარაკებები მარცხით დასრულდა.
ამავე დროს, სააგენტოს წყარომ შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ოფიციალური კონტაქტები არ არსებობს და ხაზი გაუსვა, რომ კიევის მონაწილეობის გარეშე შეერთებული შტატები არ აწარმოებს რუსეთთან ისეთ მოლაპარაკებებს, რომელიც გავლენას მოახდენდა უკრაინის ინტერესებზე. რუსეთის ხელისუფლებას ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ეს არ არის პირველი ცნობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი გარკვეულ სიგნალებს უგზავნის შეერთებულ შტატებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ. პუტინის მხრიდან ასეთი მზადყოფნის შესახებ იანვრის ბოლოს Bloomberg-მა კრემლთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.
უფრო ადრე New York Times-ი წერდა პუტინის მზადყოფნაზე, რომ მომხდარიყო უკრაინაში მიმდინარე საომარი კონფლიქტის “გაყინვის”. ყველა გამოცემა მიუთითებს, რომ პუტინის მთავარი პირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლის შენარჩუნებაა. ამაზე თავად რუსეთის პრეზიდენტმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთი უარს არ იტყვის არც ერთ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინაში ბრძოლებით მოიპოვა.
ამასთა პუტინი დასავლეთს ადანაშაულებს რუსეთისა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკულ ტელეარხ Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან, ინტერვიუში თქვა, რომ არა ვაშინგტონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომლებიც, მისი აზრით, ხელს უშლიდნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებას 2022 წლის გაზაფხულზე, ომი დიდი ხნის წინ იქნებოდა დასრულებული. კიევისთვის კატეგორიულად მიუღებელია სამშვიდობო შეთანხმება ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის ხარჯზე.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის (“მშვიდობის ფორმულა“) თანახმად, მოსკოვთან ნებისმიერი მოლაპარაკება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის, მათ შორის ანექსირებული ყირიმის, დაბრუნების და ყველა ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შემდეგ. ქვეყანაში ასევე ოფიციალურად არის აკრძალული პირადად პუტინთან მოლაპარაკებების გამართვა.
ამ დროისთვის, როგორც კრემლი, ისე თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.