Black Sea Arena The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის

საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena ეხმაურება ბენდ The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე დრამერად რუსეთის მოქალაქის აყვანის გამო გამოწვეულ პროტესტს. ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში Black Sea Arena მომხდარის გამო ბოდიშს იხდის და განმარტავს, რომ “არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია”.
„გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით“, – ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.
15 აგვისტოს შეკვეთილში გამართულ კონცერტზე ბენდის სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც მსმენელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. საქართველოს მთავრობა უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების ჩასატარებლად 70 მილიონს ხარჯავს. The Killers-ის გარდა, დაგეგმილია Imagine Dragon-ის კონცერტიც.
სცენაზე აყვანის შემდეგ შერჩეული დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც ხალხის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.
სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
ბლექ სი არენაზე კონცერტის შემდეგ, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და მსმენელს ბოდიში მოუხადა. ბენდში ამბობენ, რომ “ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ აუდიტორიიდან სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო”. ისინი განმარტავენ, რომ მათი კომენტარი “შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული”.
15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ინიციატივით Black Sea Arena-ზე გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე ამერიკულმა მუსიკალურმა ბენდმა, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და ქართველ აუდიტორიას ბოდიში მოუხადა.