არმაზ ახვლედიანი პარტია ”ქართულ ოცნებას” ტოვებს

არმაზ ახვლედიანი პარტია ქართულ ოცნებას ტოვებს. მიზეზად ის ქართული ოცნების მიერ 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობას ასახელებს.
პარტიის პოლიტიკური საბჭოს უკვე ყოფილი წევრი აცხადებს, რომ სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად.
არმაზ ახვლედიანის თქმით, საზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა ცვლილებებზე უარს ამბობს, რამაც საბოლოოდ მისი არჩევანი გადაწყვიტა.
“სამი წელია, ვიბრძვი “ოცნებაში” ფესვგადგმული მანკიერი მმართველობის შესაცვლელად. თვითკმაყოფილი, საზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა კი უარს ამბობს ცვლილებებზე და კვლავ ფასადურობით იფარგლება. ეს გარემოებები სხვა გზას არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ გავემიჯნო “ქართულ ოცნებას”. გავდივარ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან და ვტოვებ პარტიას.
ვრჩები იმ ფასეულობების სამსახურში, რომელთა ერთგულებაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის შეგნებული არჩევანია”, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.