რეგიონი

გიორგი გახარიას თანაგუნდელს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანაგუნდელ გელა აბულაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ იგივე საქმეზე ბრალდებულ სოფელ ეწერში წალენჯიხის მერის წარმომადგენლის ანზორ ფიფიას მიმართ.

საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ნუნუ აბულაძეს 2 000 ლარიანი გირაო, ხოლო დანარჩენ რვა პირს 6 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

გელა აბულაძეს თავდებში უდგებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გახარიას პარტიიდან: ანა ბუჩუკური, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე წალენჯიხის საკრებულოს წევრები. თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, დაკავებულის მიმართ არ გამოყენებულიყო არცერთი სახის აღკვეთის ღონისძიება.

წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი გელა აბულაძე 28 მარტს დააკავეს. მას, ეწერში მერის წარმომადგენელს და ასევე დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალი წარედგინათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაუფლების საქმესთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების თანახმად, დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ “დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, თაღლითური გზით დაუფლებული იქნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, ჯამში 406 250 ლარის ღირებულების, 100 083 კვადრატული მეტრის 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები”.

გელა აბულაძე ბრალს არ აღიარებს და გამორიცხავს ყოველგვარ მონაწილეობას მოცემულ საქმეში. პარტია “საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ მათი გუნდის წევრის დაკავება რეალურად პოლიტიკური ნიშნით მოხდა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სუსმა კონკრეტულ საქმეზე გამოძიება 2021 წელს, ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დაიწყო, გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის მიზნით, რაც ვერ შეძლეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button