მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დაკითხვების სერია სუს-ში, “ფეისბუქ-სტატუსებისთვის”

ფეისბუქ პოსტების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოქალაქეები დაკითხვაზე დაიბარეს.
სუსში დაბარებულია ჟურნალისტი ნინო ჭელიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში კითხვა დასვა, სჯერა თუ არა ვინმეს, რომ სახელმწიფო კოვიდ 19 -ის დიაგნოზის გაყალბებაში ფულს იხდის?

“თავიდან მეგონა ხუმრობა იმიტომ, რომ მითხრეს, რომ ფეისბუქპოსტის გამო ხდება. არ დამიკონკრეტეს, რომელ პოსტს ეხებოდა… მერე გამომძიებელი გამეცნო და მითხრა, რომ უნდა მოვსულიყავი დღეს… ეს პოსტი 21-ში მაქვს დაწერილი და არაფერი ინფორმაცია მე არ მაქვს და დავსვი კითხვა, მეტი არაფერი, თან ეს პოსტი დახურულია, საჯარო არ არის.” – ამბობს ჭელიძე.

ჟურნალისტის პოსტზე “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ხათუნა სამნიძემაც დააკომენტარა. სუს-ში ისიც დაიბარეს. ხათუნა სამნიძის თქმით, ის სუს-ში მისვლას არ აპირებს.

“იმდნად წარმოუდგენელი იყო, რომ წესიერად პასუხიც ვერ გავეცი, მოვთხოვე, ოფიციალურად მოემართათ იმიტომ, რომ არასამუშაო დროს, ღამე სუს-ის ზარი ფეისბუქ პოსტზე წარმოუდგენელი იყო.” – ამბობს სამნიძე.

„ვის უხდით ბატონო პრემიერო მადლობას? იმ სუს-ის თანამშრომლებს, რომლებიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს ფეისბუქ სტატუსების გამო იბარებენ?“ – ასე მიმართა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა პრემიერ გახარიას, რომელიც პარლამენტის წინაშე ანგარიშს წარადგენს. სამადაშვილი თავის გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის გაფრთხილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაქირავებული ლობისტები მათ დამოკიდებულებებს ვერ შეცვლის.

„თქვენ თქვენი გამოსვლა დაიწყეთ იმით, რომ აი, მერამდენედ მოდიხართ თურმე პარლამენტში და ეს ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანია. დემოკრატიის ნიშანი თქვენი აქ მოსვლა კი არა, დემოკრატიის საზომი არჩევნები იქნება. სწორედ ამ არჩევნებზე და ქვეყანაში შემქნილ პოლიტიკურ მდგომარობაზე გვაფრთხილებენ ჩვენი მეგობრები, მათ შორის, აშშ-ს კონგრესში, როდესაც საუბრობენ, რომ თქვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სტაბილურობას და შესაბამისად, ის განიხილება, როგორც სანქციების სამიზნე. ის უნიჭო ტყუილები, რომლებსაც თქვენი დაქირავებული ლობისტები ივანიშვილის მძიმე ბავშვიობაზე უგზავნიან კონგრესს წერილს, ამ საკითხს დღის წესრიგიდან ვერ მოხსნის, რადგან იმის ნაცვლად, რომ დაიწყოთ მზადება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის, კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზაციით ხართ დაკავებულები.

“ტრიბუნიდან მადლობას სუსის თანამშრომლებს უხდით, რომლებიც პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს იბარებენ დაკითხვაზე ფეისბუქ პოსტების გამო?! ამ გარემოში ჩატარებული არჩევნები, როცა თავდასხმებია ოპოზიციის ოფისებზე, ლიდერებზე, ძალიან კითხვის ნიშნებს გააჩენს მის ლეგიტიმურობაზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.“ – მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

მსგავსი პოსტები

Back to top button