მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნება რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისათვის კანონმდებლობას გაამკაცრებს-რასაც ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა

აქტივისტი ნატა ფერაძის მიერ იოსებ სტალინი გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ, ქართული ოცნება აპირებს, რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გაამკაცროს. პარლამენტში განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა, და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნების მაგალითები უკვე შეისწავლეს, ხოლო საკანონმდებლო ცვლილებებს უახლოეს მომავალში დააინიცირებენ. ოხანაშვილის განმარტებით, გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე – სხვა რელიგიურ ნაგებობებს.

კანონპროექტის ინიციირებამდე მმართველი გუნდი ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას გეგმავს.

“მართალია, სამებაში მომხდარი ფაქტი დღეს მომხდარი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კანონსაწინააღმდეგოა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, თუმცა, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა ასეთი ქმედებებისთვის არ ითვალისწინებს პროპორციულ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა. შევისწავლით საერთაშორისო და, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მიდგომებს, გვექნება კონსულტაციები და, უახლოეს პერიოდში, დავაინიციირებთ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს.

ამასთანავე, პირველადი მოკვლევით, ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში რელიგიური ნაგებობების შეურაცხყოფა და სხვა მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლებრივად დასჯადია და თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ გერმანია, ავსტრია, პოლონეთი, საბერძნეთი, იტალია და სხვა ქვეყნები,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხატი შეურაცხყვეს, ისტორია მეორდება, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს.

„წმ. სამების საკათედრო ტაძარში ხატი შეურაცხყვეს! ისტორია მეორდება. თუ XX-ე საუკუნეში ღმერთთან მებრძოლი ბოლშევიკები-ორახელაშვილი, მახარაძე, ღოღობერიძე, ბერია, საქართველოში ტრაგედიას განასახიერებდნენ. XXI-ში მათი კარიკატურული მომდევრები – ბუღაძე, ფერაძე, მელაძე, გვარამია – ფარსს“, – წერს გოგა ხაინდრავა.

ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება “ქართული ოცნების” ინიციატივას, რომლის თანახმადაც რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობა გამკაცრდება.
ესენი ალილო ფარისევლები არიან, ვითომ რელიგიასა და რწმენას იცავენ – მათი რელიგია და რწმენა ფული და ძალაუფლებაა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს! – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, რომლის განცხადებით, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა გამკაცრდება.

გოცირიძის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია მხოლოდ რიტუალურად ახსენდება“.

“ამ პარლამენტარების, ამ ალილო ფარისევლების მხრიდან რომელ კანონიერებაზე და კანონის გამკაცრებაზეა საუბარი?! პარლამენტის შენობის წინ აღმართულია ჯვრის მსგავსი რაღაც კონსტრუქცია, რომლის აღმართვის დღეს ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეეწირა, დღემდე დგას და სწორედ ამ ფარისევლობის გამო ხელი ვერ ახლეს. ვითომ რელიგიასა და ვითომ რწმენას იცავენ. მათი რელიგია და რწმენა არის ფული და ძალაუფლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი უზრუნველყოფს და ემსახურებიან არა ქვეყანას, არამედ ივანიშვილის მმართველობას. ახლა რაღაც ახალი თემა გამოაგორეს კანონის გამკაცრებაზე…

ეშმაკის წარმომადგენელია სტალინი, ლენინი და ყველა ბოლშევიკი, რომლებმაც ასობით ათასი ადამიანი მარტო საქართველოში გაანადგურეს და რომლებიც ეკლესიებს ანგრევდნენ. ამ ადამიანების ხატებით არის მოფენილი პრორუსული ქართული ეკლესია, რომელიც დღემდე რუსეთის ინტერესებს ემსახურება.

“ქართულ ოცნებას“ ღმერთი და რელიგია რიტუალურად ახსენდება, როდესაც ქუჩაში გამოეფინებიან და ალილოს მსვლელობაზე გამოსულ ადამიანებს კანფეტებს ურიგებენ“, – განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ამ ინიციატივის მიზანი საზოგადოებაში შუღლის დათესვაა.

“ერთი ადამიანის, კერძო პირის ქმედებაზე საპასუხოდ ხელისუფლება აანონსებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის დეტალებზე თავადაც ვერ საუბრობს, რაც კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აჩვენებს იმას, რომ არანაირი საკანონმდებლო ინიციატივის აუცილებლობას ის ვერ ხედავს. სინამდვილეში, მას სურს, რომ შექმნას კამპანია ადამიანებს შორის შუღლის დათესვისა და დაპირისპირების მიზნით. ამიტომ, ჩვენ ამ ანტიეროვნულ, ანტიევროპულ კამპანიაში, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესებს, არ ჩავერთვებით,”- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მთავარი პოლიტიკური თემებიდან ყურადღების გადატანას ემსახურება.

“სინამდვილეში, ამას არანაირი კავშირი არ აქვს არც რწმენის, არც სიწმინდის დაცვასთან, უბრალოდ, ეს არის პასუხი, ჩემი აზრით, მათივე მოგონილ პრობლემაზე. დაგმობა ერთია და მეორეა, როდესაც შენ ითხოვ, რაღაცის გამოხატვის გამო, ადამიანის დაჭერას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. მე, რა თქმა უნდა, ამას არ ვეთანხმები, მაგრამ მთელი ეს ოპერაცია მგონია “ქართული ოცნების” დაგეგმილი იმისთვის, რომ ძირითადი პოლიტიკური თემებიდან ყურადღება არაძირითად პოლიტიკურ თემებზე გადავიდეს,”- აცხადებს იაგო ხვიჩია.

გუშინ, 9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს.

მანამდე, ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა – დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.

საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button