მნიშვნელოვანისიახლეები

ევროპასა და ამერიკაში ლგბტ პროპაგანდა “ბაღებში შევიდა”-პრემიერმინისტრი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ლგბტ პროპაგანდის” კანონმდებლობით მოწესრიგებაზე დაიწყო საუბარი. პარლამენტის ტრიბუნიდან მან მმართველი გუნდის პროპაგანდისტული ნარატივი გააგრძელა. პრემიერი ამბობს, რომ ეს თემა ტაბუდადებული უნდა იყოს და “შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს”. როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მოვიდა დრო, რომ ამ თემაზე დებატები გაიხსნას.
ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ევროპასა და ამერიკაში ლგბტ პროპაგანდა “ბაღებში შევიდა”:

“ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია, რას ვემხრობით, რა არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია, ბაღებში, სკოლებში, ლგბტ პროპაგანდა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა, მის სიტყვებს კი უმრავლესობის დეპუტატების ტაში მოჰყვა.

“ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუდადებული თემა. ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება”, – თქვა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილის სიტყვებს დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატების – ხათუნა სამნიძისა და თამარ კორძაიას პროტესტი მოჰყვა.

იმ კანონების გაუქმებას ვითხოვთ, რომელიც გენდერულ იდენტობას აღიარებს და პრემიერს ვთხოვთ მხარდაჭერას – გვინდა, ხალხმა იცოდეს, ვინ არის ნამდვილი “ლგბტ პროპაგანდისტი”, თუ ეს კანონები ძალაში დარჩება, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია აცხადებს, ქვეყანაში “ქართული ოცნების” დროს მიღებული კანონები, მათ შორის ანტიდისკრიმინაციული კანონი ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რასაც პრემიერ-მინისტრი გამოხატავს, ახლა კი “გირჩი” ახალი კანონპროექტით, რომელიც მისი თქმით, გუშინ შეიტანეს პარლამენტში, ყველა მსგავსი კანონის გაუქმებას ითხოვს და აინტერესებს პრემიერი ამას მხარს დაუჭერს თუ არა.

კითხვაზე, მათი პოზიცია თანხვედრაშია თუ არა იმ პოზიციასთან, რასაც ღარიბაშვილი საჯაროდ გამოხატავს ამ საკითხებზე, ხვიჩია პასუხობს, რომ არ სჯერა გენდერული იდენტობის და მათი პოზიციაა, რომ ადამიანები თანასწორები უნდა იყვნენ კანონის წინაშე და არა თანასწორები “მოგონილი პრივილეგიებით”.

“ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს, გვინდა გავიგოთ მისი პოზიცია ჩვენს კანონთან დაკავშირებით, რომელიც შემოვიტანეთ გუშინ და ეხება გენდერული იდენტობის პოლიტიკის დამთავრებას ქვეყანაში და ვთხოვთ მხარდაჭერას, რადგან მოგეხსენებათ, პრემიერი საკმაოდ აქტიურია ამ თვალსაზრისით და ყველგან აკრიტიკებს და ებრძვის ლგბტ პროპაგანდისტებს მისი გადმოსახედიდან.

ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც “ქართული ოცნების” დროს გვაქვს მიღებული და აღიარებს გენდერულ იდენტობას, ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერს დაუჭიროს ჩვენს კანონს მხარი, რითაც ეს ყველაფერი უქმდება.

ჩვენ არ გვჯერა ზოგადად, გენდერის და გენდერული იდენტობის, გვჯერა, რომ არსებობს ორი სქესი – ქალის და კაცის, რასაც საუბრობდა პრემიერი სადღაც. ჩვენ გვაქვს გენდერული საბჭო, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც “ქართული ოცნების” დროსაა მიღებული, მაგრამ არ პასუხობს “ქართული ოცნების” პოზიციას. ჩვენ კი გვაქვს გენდერული საბჭო, მაგრამ გენდერს არ ვცნობთ.

“საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო”, ასე წერია ბიბლიაში, ჩვენ შეტანილი გვაქვს კანონპროექტი, რომელიც იმ ყველაფრის წინააღმდეგ არის, რასაც პრემიერი სიტყვით ებრძვის და ჩვენ ვითხოვთ მის მხარდაჭერას, ვითხოვთ გენდერული იდენტობის ამოღებას ქვეყნის კანონმდებლობიდან, ადამიანების თანასწორობას კანონის წინაშე და არა მოგონილი პრივილეგიებით გათანასწორებას, ვითხოვთ ბევრი კანონის გაუქმებას, მათ შორის, ანტიდისკრიმინაციულის. გენდერული საბჭო ისედაც არ ცნობს ქალის და კაცის გარდა სხვა გენდერს, პრემიერიც დაახლოებით ამ რიტორიკით გამოირჩევა ყოველთვის და გვინდა, ეს კანონები კი მის დროს არის მიღებული, ხოლო ჩვენ გვინდა რაღაცნაირად სწორ გზაზე დავაყენოთ ბოლომდე “ქართული ოცნება”. თან ისიც გვინდა, როცა საუბარი დაიწყება იმაზე, რომ ვიღაც არის ლგბტ პროპაგანდისტი, ხალხმა იცოდეს, ვინ არის ნამდვილი “ლგბტ პროპაგანდისტი,” თუ ეს კანონები ძალაში დარჩება,”- განაცხადა ხვიჩიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button