კოალიცია ცვლილებისთვისა და ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ხელმოწერით საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატის გაცემა.
კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წარმოადგინა 82 წევრისგან დაკომპლექტებული სია, რომლებმაც ხელი მოაწერეს განცხადებას. ამის გათვალისწინებით ისინი საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. გვარამიამ ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის. [..]
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ განცხადებით, “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, “გირჩი”, “დროა” პარტიული სიის წევრი, არ გამატაროთ რეგისტრაციაში როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ”, – განაცხადა გვარამიამ.
ამასთან როგორც ბრიფინგზე ნიკა გვარამიამ აღნიშნა, პარლამენტი არალეგიტიმურია და პარლამენტში ყოფნით მას ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ.
„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და ჩვენი გადაწყვეტილება. კოალიციის სია იყო 82-კაციანი. ყველა, ვინც სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში; ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის, რუსეთის ფედერაციის. ვადასტურებთ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური და ჩვენი თანამონაწილეობა ამ პარლამენტში გამორიცხულია. ჩვენ ვერ შევძენთ ლეგიტიმაციას ჩვენი იქ ყოფნით“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ ცესკოს მონაცემების მიხედვით, მომავალ პარლამენტში „კოალიციას ცვლილებისთვის“ 19 მანდატი ეკუთვნის, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 16.
სიები ორივე პარტიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოქმედი დეპუტატი პარლამენტს დატოვებს, მისი ადგილმონაცვლე შეირჩევა სიის ე.წ. სათადარიგო ნაწილიდან, რომლის გაუქმებასაც პარტიები ასევე მოითხოვენ.
„კოალიციას ცვლილებისთვის“ ცესკოში წარდგენილი აქვს 82-კაციანი სია.
ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს. მათ ინდივიდუალური წერილით მიმართეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ გატარდეს რეგისტრაციაში. მან ამის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.
“ინდივიდუალური წერილით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სახელით, არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცესკო-მ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი”, – თქვა ბოკუჩავამ.
მისივე განცხადებით, მათ ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ცესკოს-ს არ აქვს უფლება მათი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს, უფლებამოსილების ცნობის მიზნით:
„არჩევნების დღესვე ცხადი იყო, რომ აღნიშნული არჩევნები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ ნებას. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სახელით, ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობასა და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე.
დღეს გვინდა ოფიციალურად, თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს, განსახილველადაც კი.
ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვაგზავნით. ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელები და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით. ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ. ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება; სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო. ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როცა საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი. მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან; არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით, კიდევ ერთხელ, ვადასტურებთ, რომ ცესკო-ს არ აქვს უფლება უფლებამოსილების ცნობის მიზნით ჩვენი საბუთები პარლამენტში გადააგზავნოს.
„ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკოში წარდგენილი აქვს 97-კაციანი სია.
თუ ცესკო პარლამენტში ამ პარტიების სიებში მყოფთათვის მანდატების გაცემის შესახებ მოთხოვნას გადააგზავნის, მათი უფლებამოსილების შესაწყვეტად საჭირო გახდება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების თანხმობაც.
ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებსაც ამ გზით გამოუცხადა ბოიკოტი. ცესკომ ე.წ. სათადარიგო სიები გააუქმა, საპარლამენტო უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ კი ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობას უარი უთხრა მანდატების გაუქმებაზე.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მომავალ პარლამენტში ოთხი ოპოზიციური პარტია შედის. მათგან ორი სიების გაუქმებას აპირებს. ამ ეტაპზე უცნობია, რა გეგმა აქვთ პარტიებს, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია – საქართველოსთვის“.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით.
საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ამ საქმეზე მოსამართლის თანდასწრებით გამოჰკითხეს რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.