კობახიძის თქმით თვითმმართველობის არჩევნებს ოცნება დიდი შედეგით მოიგებს

“ოპოზიციაში არის უმძიმესი ვითარება და ასე გაგრძელდება ეს პროცესები შემდეგი წლების განმავლობაშიც,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს და უნდათ, რომ არჩევნებში არმონაწილეობით თავი დაიძვრინონ მორიგი მძიმე შედეგისგან.
“რეალურად ჩვენ არსებული კვლევების თანახმად, შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, რაც მივიღეთ წინა საპარლამენტო არჩევნებზე. შესაბამისად, ოპოზიციას ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, არის ე.წ. ბულინგი ერთმანეთის მიმართ. ორ პარტიას აქვს ნათქვამი, რომ განიხილავს არჩევნებში მონაწილეობას, ორი პარტია ემუქრება ამ პოლიტიკურ გაერთიანებებს, საბოლოო ჯამში ყველამ ვიცით, როგორ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. შეიძლება, ყველას უთხრან, მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალურ არჩევნებში, შეიძლება, შუაზე გაყონ პოლიტიკური პარტიები. ეს გადაწყვეტილებები არ მიიღება საქართველოში, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყნის გარეთ და ეს პარტიებიც ემორჩილებიან ხოლმე საბოლოო ჯამში გარედან მიღებულ დირექტივებს, რამდენად საზიანოც არ უნდა იყოს მათთვის ერთ ან მეორე გადაწყვეტილება, როცა დავალებას იღებენ, მაშინვე ასრულებენ მას.
რაც შეეხება იმას, რა შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის სასარგებლო, არც ერთი და არც მეორე სცენარი არ არის მათთვის სასარგებლო. არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირული, თუ არ მიიღებენ, ეს არის ცალკე პრობლემა მათთვის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს მანდატებსაც დაკარგავენ, რაც პოტენციურად შეუძლიათ მიიღონ. ისინი არ არიან პარლამენტში, შესაბამისად, ვერ იყენებენ საპარლამენტო ტრიბუნას, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმედ აისახება ამ პარტიებზე შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, თუ ისინი დარჩებიან მუნიციპალური ტრიბუნის გარეშეც, ესეც იქნება ძალიან მძიმე მათთვის. თუმცა რომც მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, მათ შეუძლიათ, მაქსიმუმ მიიღონ 3-4 მანდატი მთლიან ოპოზიციას ვგულისხმობ საკრებულოებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველ გუნდს დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის და საკუთარ ხედვას მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
“არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ რას აპირებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს – რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ნახეთ, როგორი პოზიცია ეჭირათ სულ რამდენიმე ხნის წინ არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით და როგორც კი გარედან შეიცვალა რიტორიკა, მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ ვიღაცები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან. დაწყებული გვაქვს მზაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის და საზოგადოებას ძალიან მალე წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას „წინააღმდეგობის პლატფორმასთან“ დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ.
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საზოგადოება ხედავს, რომ ამ ადამიანებს შორის არის დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია. ინდივიდუალურად, ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, ვინ არის მათი რეალური პატრონი. მათ საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, ისინი არ ეკუთვნიან ქართველ ხალხს, ჩვენ ქვეყანას, სამშობლოს. მათ სხვა ადამიანები მართავენ, სხვა ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აფასებს”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.