მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა ღამით ხარკოვი დაბომბა-რუსეთის ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ ოპერაციისთვის ხარკოვის დასაკავებლად

რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას ომში მყოფი ქვეყნის ეროვნული პოლიცია ადასტურებს.

გავრცელებული ვერსიით, თავდასხმა კამიკაძე დრონების გამოყენებით განხორციელდა. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირია თავდასხმები უკრაინის ამ, სიდიდით მეორე ქალაქზე.
6 აპრილს თავდასხმა ადგილობრივი დროით შუაღამისას მოხდა, რამაც გააძლიერა ვარაუდები, რომ რუსეთის ძალები შესაძლოა ემზადებოდნენ ოპერაციისთვის ხარკოვის დასაკავებლად, მომავალ თვეებში. ორი დღით ადრე რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამი თანამშრომელი, რომლებიც კიდევ უფრო ადრინდელ თავდასხმაზე რეაგირებდნენ.

როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ამბობს, რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა, სულ მცირე, 9 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 3 საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი.

“ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა,” – ამბობს ხარკოვის მერი.
განგაშის ხმა ისმოდა ზაპოროჟიეშიც, სადაც ოკუპაციური ძალების საჰაერო შეტევის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი, დაშავდა 20, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამრეწველო ობიექტები.

კიევის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მოროზოვსკის ავიაბაზაზე თავდასხმის შედეგად, უკრაინელებმა მოახერხეს 6 რუსული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება, ოპერაციის შედეგად აეროდრომის პერსონალის 20 წევრი დაიღუპა.

უკრაინის არმია აცხადებს, რომ სხვა არეალებში მისმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 28 დრონი რუსეთის მიერ გაშვებული 32 დრონიდან და სამი რაკეტა რუსეთის ექვსი რაკეტიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button