ხუთი წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან

„ლაფანყურის სპეცოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ, საქმის ძიებაში კონკრეტული შედეგი ჯერ კიდევ არ არის“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ორჯერ შესთავაზა პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა ეს რეკომენდაცია საკანონმდებლო ორგანომ არ გაითვალისწინა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლაფანყურის სპეცოპერაციის შესახებ დაწყებული გამოძიების შესახებ სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის სახალხო დამცველის შენიშვნები მასთან ერთად განიხილოს.

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო და მსხვერპლით დასრულდა. მაშინ დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთი სამხედრო ექიმი და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების 11 წევრი.

მოგვიანებით შიგანან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ მოკლული იყო დაჯგუფების არა 11, არამედ 7 წევრი. საქართველო–დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში, საქართველოს შს სამინისტრომ ე. წ. ანტიტერორისტული ოპერაცია 2012 წლის 28 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. მაშინდელი შსს–ს ცნობით, სპეცოპერაცია ლაფანყურის ტყიდან 5 ახალგაზრდის გატაცებას მოჰყვა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები 26 აგვისტოს დაიკარგნენ. შსს ირწმუნებოდა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ახალგაზრდები მძევლებად აიყვანა.

მსგავსი პოსტები

Back to top button