მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთის 3 მუნიციპალიტეტში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები დაფიქსირდა

კახეთის სამ მუნიციპალიტეტში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობის ფაქტები დაფიქსირდა.
შემთხვევები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხში, გურჯაანსა და საგარეჯოში გამოვლინდა.

გამოძიების შედეგად დგინდება, რომ სამივე მუნიციპლიტეტში, პირველი ჯგუფის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციისათვის სათანადო ნებართვა, არცერთ აფთიაქს არ აქვს.

„2021 წლის 30 ივნისიდან 2021 წლის 23 ივლისის ჩათვლით, მოსამართლის განჩინების ფარგლებში, 34 პირისგან, ჯამში, 96-ჯერ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც ყოველგვარი რეცეპტისა და პიროვნების დამდგენი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, ფარმაცევტებმა უკანონოდ გაასაღეს ფსიქოტროპული მედიკამენტები და ამასთან, არ გააფორმეს სალაროს აპარატის ქვითარი. საკონტოლო შესყიდვის ფარგლებში შეძენელია ისეთი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორებიცაა – ბაკლოსანი, გაბაგამა, გაბაპენტინი, დიაზეპამი, ქსანაქსი და სხვა დასახელების წამლები”- აცხადებენ უწყებაში.

მოსამართლეების განჩინების საფუძველზე, გამოვლენილ აფთიაქებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ჩხრეკის შემდეგ, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მართლზომიერების დასადგენად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ობიექტებზე, საგადასახადო რევიზისაც ჩაატარებს.

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზებაში ჩართული პირების მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყება, ხოლო იურიდიული პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button