მაღალი რანგის პოლიტიკოსი და ძალიან გულწრფელი ადამიანი-ოდიშარია კობახიძეს იცავს

ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია ირაკლი კობახიძეს “გულწრფელ ადამიანად” მიიჩნევს და ამბობს, რომ მის სინანულში “ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს”.
ოდიშარიამ ეს დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების შეფასებისას თქვა.
მისივე შეფასებით, კობახიძემ საზოგადოებას ძალიან ნათლად აუხსნა მისი განცდა მას შემდეგ, რაც ის დავით ჯელაძეს შეხვდა, გაიცნო და გაესაუბრა.
„რაც შეეხება წინა დღეს მომხდარ ამბავს, ირაკლი კობახიძემ ეს კონტექსტიც ახსნა. იცით, ჩვენ რა გარემოში გვიწევს მუშაობა – ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედია საშუალებები მტრულად არის განწყობილი, მუდმივად ცდილობენ, მოდიან სტიქიის ადგილზე და გეუბნებიან: ხელისუფლებამ დააკლო ხელი, თქვენი ბრალია, “ქართულმა ოცნებამ” და მისმა მოქმედებამ ადამიანების დაღუპვა გამოიწვია.
როცა ამ ფონზე ხელში რაღაც სურათს გაჩეჩებენ, შესაძლებელია მოხდეს, როცა ადამიანმა შეცდომა დაუშვა, რაზეც კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა.
სიტყვა “სინანული” მაღალი ღირსების აღმნიშვნელია და კარგი იქნება, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერი ამას მისგან გადაიღებს და იმ ბევრ ცოდვას მოინანიებს, რომელიც ქართველი ერის წინაშე აქვთ.
ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს და ეს მისკომუნიკაცია იმდენადაც კი ამოიწურა, რომ დავით ჯელაძემ დამატებითი კომენტარების გაკეთება არც კი ისურვა, რადგან ჩათვალა, რომ მისი გმირული საქციელი აღიარებულია არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ პოლიტიკური სპექტრის მხრიდან”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
16 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “სინანულს გამოხატავს” იმასთან დაკავშირებით, რომ შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს “გული ატკინა”.
ოდიშარია ფიქრობს, რომ კობახიძემ ამ საკითხზე “ვაჟკაცურად და ღირსეულად” ისაუბრა.
“ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს, მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. […] ამ ფონზე, როდესაც ხელში გაჩეჩებენ რაღაც სურათს შეიძლება მოხდეს და ადამიანმა დაუშვა შეცდომა, რაზეც ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. სიტყვა სინანული არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერები მისგან გადაიღებდნენ”- ამბობს ოდიშარია.
ირაკლი კობახიძის ნაბიჯი ღირსეული ადამიანის ნაბიჯი იყო – მან როგორც პოლიტიკოსმა გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი! – ასე ეხმაურება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
ქადაგიშვილის თქმით, ადვილად გასაგებია, რომ ოპოზიცია კობახიძის სინანულს ვერ აღიქვამს, რადგან “რაც ამ ოპოზიციამ მისი ქმედებებითა და ხელდასმით ტრაგედიები დაატრიალა, არც ერთზე ბოდიში არ მოუხდია და არც სინანული გამოუთქვამს”.
ქადაგიშვილის შეფასებით, სწორედ ამიტომ მათთვის პოლიტიკოსის მხრიდან გულწრფელი ნაბიჯის გადადგმა და ლიდერის თვისებების ქონა წარმოუდგენელი და გაუგებარია.
„შოვის სტიქია არის ნამდვილად ტრაგედია. ხელისუფლებამ ეს სწორედ ასე აღიქვა და იმ მიმართულებით იმოქმედა, რომ სტიქიის შედეგები შეძლებისდაგვარად სწრაფად ყოფილიყო ლიკვიდირებული.
ამავდროულად, თუ ვინმეს რაიმე წყენა ან სულიერი ტკივილი მიადგა ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა – ბოდიში, რადგან ამას ხელისუფლება საკუთარი ხალხის ტრაგედიად აღიქვამს.
ოპოზიცია ავითარებს აზრს, რომ თითქოს ხელისუფლებას მიზანმიმართულად სურს, ამ ტრაგედიის შემდეგ კიდევ ვიღაცები დაჩაგროს. ამას ლოგიკური ახსნაც კი არ შეიძლება მოუძებნო. როცა ადამიანს აზრად მოგდის, რომ ხელისუფლების სურვილია ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება, დაჩაგვრა, მაშინ გამაგებინეთ რა არის არის მიზანი?!“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
14 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და “წარმოუდგენელი ტყუილი” უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორიაც, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი “გადასამოწმებელია”.
ირაკლი კობახიძის განცხადებას დაეთანხმნენ ოცნების დეპუტატებიც. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოცნების თავმჯდომარის ნათქვამი “აბსოლუტურად მართებულია”.
ამავე დღეს სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას და მას შესთავაზა, რომ შოვში თავად აჩვენებდა მისი გადაადგილების ტრაექტორიას.
16 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ “სინანულს გამოხატავს” იმასთან დაკავშირებით, რომ შოვში მეწყრისას გადარჩენილ დავით ჯელაძეს “გული ატკინა”.
კობახიძის თქმით, ის დავით ჯელაძეს შეხვდა და მისგან პირადად მოისმინა “წარმოუდგენელი, საოცარი ისტორია”, რაც ჯელაძეს შოვში გადახადა.
გარდა ამისა, ბექა ოდიშარიამ აღნიშნა: „ერთ კვირაშიც კი, რამდენი სტიქიური უბედურება მოხდა მსოფლიოში. ჰავაის კუნძულები გადაიწვა, 100 ადამიანი დაიღუპა და 100 დაკარგულად ითვლება. თუ გინახავთ, რომელიმე პოლიტიკოსი გამოსულიყო და შტატის გუბერნატორის გადადგომა მოეთხოვოს“.