შემოწირულობების სახით 4 მილიონ 200 ათასი ლარი შეგროვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ამ დროისათვის სახელმწფიო ხაზინაში ანგარიშზე და კომერციული ბანკების ანგარიშზე მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათასი ლარი.

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში, საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სრულად შემოწირულობები, მათ შორის კერძო და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობა არის მილიონ 700 ათასი ლარი, 31 ათასი დოლარი და ათასი ევრო.

გარდა ამისა, ევროკომისია თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლის მიზნით, საქართველოს მთავრობის დასახმარებლად დამატებით თანხას გამოყოფს. შესაბამის განცხადებას ევროკომისიის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

“სამ მილიონამდე ევრო გამოიყოფა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლის პრობლემის მოგვარების მიზნით” – აღნიშნულია განცხადებაში.

“ჩემი ფიქრები ამ დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებთანაა. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მზად არის დაეხმაროს თბილისში ოჯახებს თავიანთი სახლების ხელახლა აგებასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში. ეს წვლილი არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება იმათ მიმართ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ” ,- განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა.

ამას გარდა, ევროკომისია უზრუნველყოფს 400 000 ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახებისთვის.

მსგავსი პოსტები

Back to top button