საქართველოში ჩამოსულ მერაბ დვალიშვილს საგანგებო დახვედრა მოუწყვეს-დვალიშვილი მიღწეულ წარმატებას ყოველ ჯერზე თანამემამულეებთან ერთად აღნიშნავს

ნიუ-ჯერსის შემდეგ თბილისი – სიტყვები, რომლითაც ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელები აალაპარაკა, ამჯერად ქართველი ქომაგებისთვისაც გაისმა. UFC-ის ორგზის ჩემპიონი ამბობს, რომ მისი მიღწევების მთავარი შთაგონება სამშობლოა.
საქართველო რომ მერაბ დვალიშვილისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ამას ყოველი ახალი გამარჯვების შემდეგ “მანქანად” წოდებული ჩემპიონის საკუთარ სამშობლოში დაბრუნებაც მოწმობს. დვალიშვილი მიღწეულ წარმატებას ყოველ ჯერზე თანამემამულეებთან ერთად აღნიშნავს. დღეს, გამარჯვების მისალოცად მებრძოლს აეროპორტში დილაადრიან დახვდნენ. ჩემპიონმა ქართველებს მხარდაჭერისთვის მადლობაც გადაუხადა.
მერაბ დვალიშვილმა მედიასთანაც ისაუბრა და შემდგარი ბრძოლის და მიღწეული წარმატების მთავარი საიდუმლო გაამხილა.
დამსახურებულ ჩემპიონობასთან ერთად, ქართველი გულშემატკივარი დვალიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეხვედრამაც გააოცა. დღეს მებრძოლმა დონალდ ტრამპთან შემდგარ კომუნიკაციაზე ისაუბრა.
შემდეგი გაჩერება იყო რიყის პარკი, სადაც ჩემპიონს მოწყობილი სცენა და ასობით გულშემატკივარი დახვდა. მერაბ დვალიშვილმა გულშემატკივარს სიტყვით მიმართა. შეკრებილები ჩემპიონით აღტაცებას კამერებთანაც არ მალავენ.
სცენაზე ჩემპიონთან ერთად მისი სტუმრებიც ავიდნენ. ცნობილი ამერიკელი ინფლუენსერი ნინა დრამა ჩვენს ქვეყანაში კონკრეტული მიზნით ჩამოვიდა. მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში საქართველო გაიცნოს და მსოფლიოს გააცნოს. MMA-ის მიმომხილველი აღტაცებასა და გაოცებას ვიზიტის პირველივე დღეს ჟურნალისტებს უზიარებს
დღის ბოლოს მებრძოლმა ქართველ ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაც გამართა,სადაც გარკვეული მედიასაშუალებების მხრიდან არასპორტული შეკითხვებიც იყო,რაც თავად მერაბ დვალიშვილმა პროვოკაციულად შეაფასა.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის სტატუსი სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, უკვე მეორედ, 8 ივნისს მოიპოვა. მებრძოლი გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში საკუთარ სამშობლოში ჩამოვიდა, ზუსტად 6 დღეში კი თავისი გამოცდილების გასაზიარებლად აზერბაიჯანს ეწვევა.
ქართველი UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რომელმაც 8 ივნისს შონ ო’მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი, დღეს თბილისში ჩამოვიდა. მას აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.
„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ დავიცავი ჩემი ქამარი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ, ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ“, – განუცხადა დვალიშვილმა აეროპორტში ჟურნალისტებს.
ბრძოლისა და გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.
კითხვაზე, რა უთხრა მან დონალდ ტრამპს და პირიქით, დვალიშვილმა თქვა:
„რა თქმა უნდა, რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, – დეტალურად არ ვიტყვი, ინგლისურად იყო, მაგრამ – ვახსენე საქართველო. ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა დავუდასტურე, მითხრა კარგი ბრძოლა იყოო, მოეწონა ჩემი ბრძოლა… ძალიან მცირე საუბრით შემოვიფარგლეთ, მაგრამ ჩავატიეთ ერთმანეთის პატივისცემა“.
„მერაბ, მერაბ“, „მერაბს გაუმარჯოს“, – სკანდირებდნენ გულშემატკივრები.
“ქამარი კიდევ ერთხელ დავიცავი, კიდევ ერთხელ დავუმტკიცეთ ყველას, რომ მაგრები ვართ. ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბრძოლას, ვფიქრობდი ფინიშნს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ დარტყმებით დაფინიშებას. მოვახერხე მისი მახრჩობელათი დამარცხება. რაც შეეხება ქართველ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი საქართველოშიც და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ემიგრანტს, ვინც მგულშემატკივრობს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ძალას და ენერგიას ვიღებ მათგან. გპირდებით, რომ ჩემს მაქსიმუმს ამოვწურავ, სანამ ჯანი და ღონე მაქვს. საბრძოლველი ბევრი გვაქვს, მთავარია ვვითარდებით. რაც შეხება საქართველოში გეგმებს, ახლა ერთი კვირით ვარ ჩამოსული, ჩამოვიყვანე სტუმრები და რაც შეიძლება მეტი კონტენტის გადაღება, მეტი ფოტო და ვიდეოს გადაღება ნინასთან ერთად, რათა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ღირსშესანიშნაობები”, – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
დვალიშვილი ჩამოვიდა ამერიკელ ინფლუენსერ, მოდელსა და UFC-ის ჟურნალისტ ნინა დრამასთან (ნინა მარი დანიელთან) ერთად. დვალიშვილის თქმით, მსოფლიოს საქართველოს სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ უნდა გააცნონ.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს დაიცვა, მან ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.