მნიშვნელოვანისიახლეები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თსუ-სთან აქციაზე – შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის

შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი, ვერ შევუშვებთ ვერავის, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა თსუ-ს პირველ კორპუსთან განაცხადა, სადაც ამ დროისთვის სტუდენტები არიან შეკრებილი და შენობაში შესვლას ითხოვენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.

სერგი ბზიშვილის განცხადებით, სამართალდამცავების მიზანია, რომ შენობაში ვინმე არ შევიდეს და უნივერსიტეტის ინვენტარი არ დაზიანდეს.

„ჩვენი მიზანი რა არის გეტყვით, ვინმე არ შევიდეს შენობაში და არ დააზიანოს ინვენტარი. შენობა, შიდა ტერიტორია აქციებისთვის არაა განკუთვნილი.

ვერ შევუშვებთ ვერავის, ამ შენობას დაცვა სჭირდება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ამ შენობას ვიცავთ“, – განაცხადა სერგი ბზიშვილმა.

თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია მას შემდეგ, რაც პოლიციამ თსუ-ს სტუდენტები შენობაში არ შეუშვა.

თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ჯგუფ “დაიტოვეს” წევრები მოვიდნენ. ადგილზე არიან რიგითი მოქალაქეებიც.
„რუსებო“, „შეგვიშვით“ – ყვირიან აქციის მონაწილეები.

დღეს, 15 ნოემბერს თბილისში ფეისბუკჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებით კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა იმართება. ისინი ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, მას შემდეგ კი, რაც გაიგეს, რომ ახალგაზრდების ნაწილს არ უშვებდნენ თსუ-ს შენობაში, მსვლელობით უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს მმართველმა პარტიამ ცესკოს დახმარებით არჩევნები გააყალბა და ამ გზით ცდილობს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დარჩენას.

როგორც ჯურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, თსუ-ს ეზოში პოლიციელები ემატებიან. სტუდენტების აქცია იმართება ბათუმში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშიც. მათი აზრითად, გაყალბდა არჩევნები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.

არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციის ლიდერები, გამოძიებას უნდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვაც.
………………………

მსგავსი პოსტები

Back to top button