მეშახტეების პროტესტი

ტყიბულელი მეშახტეების აქციამ მინდელის შახტის ტერიტორიიდან გადაინაცვლა მუნიციპალიტეტის მერიასთან, საიდანაც მათ საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს. მინდელის და ძიძიგურის შახტებში რჩება 30-მდე მაღაროელი, რომლებიც ხელფასის მიღებამდე შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ.
კომპანია „საქნახშირის“ შახტებში დასაქმებული ათასამდე ადამიანის მიმართ მიმდინარე სახელფასო დავალიანება მილიონ ლარამდეა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელფასის გარდა მოითხოვენ ინფორმაციას, თუ როდის განახლდება ქვანახშირის მოპოვება.
„საქნახშირის“ განცხადებით, 2018 წლის ივლისის შემდეგ, როცა მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში ნახშირის მოპოვება შეწყდა, კომპანიის და სახელმწიფოს თანადგომით, უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება და მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, მაგრამ დღეს „საქნახშირი“ რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ შახტებში ქვანახშირის მოპოვება 2018 წლის ზაფხულში შეწყდა მას შემდეგ, რაც 16 ივლისს, მინდელის შახტში 4 მაღაროელი დაიღუპა და 6 დაშავდა. მანამდე, 5 აპრილს, ამავე შახტში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 ადამიანი.