მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ომის 584-ე დღეა -ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება-ოკუპანტებმა უკრაინაში 278 130 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინაში, ომის 584-ე დღეა – ქვეყნის აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღე ღამის განმავლობაში რუსული იერიშის სამიზნე გახდა დონეცკის ოლქი, შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხერსონში კი – 3. ოკუპანტებმა უკრაინას 40 დრონით შეუტიეს, სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 30 “შაჰიდი” გაანადგურეს. მათი თქმით, დრონები, ძირითადად, სამხრეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული.

“ჩვენს პასუხისმგებლობის ზონაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 30 თავდასხმის დრონი:

20 – ვინიცის ოლქში,
6 – ოდესაში,
4 – მიკოლაევის ოლქში,” – ნათქვამია მათ განცხადებაში.
სამხრეთ თავდაცვის ძალებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვინიცის ოლქის ერთ-ერთ თემში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე დარტყმის გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

“ცეცხლის გავრცელებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ ჩაატარა ევაკუაციისთვის მოსამზადებელი ღონისძიებები. თუმცა, ხანძრის ლოკალიზაციისთვის მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო,” – ამბობენ თავდაცვის ძალები.
ამასთან აგრესორის სამიზნე გახდა სუმის ოლქის საზღვრის გასწვრივ მდებარე 9 დასახლება, რამაც 100-ზე მეტი აფეთქება გამოიწვია. თავდაცვის პარალელურად უკრაინა კონტრშეტევას განაგრძობს მელიტოპოლში და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებს.

გუშინ, 29 სექტემბერს, რუსული დაბომბვის შედეგად ხერსონის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, დონეცკის ოლქში კი 7.

როგორც სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა, გასული დღის განმავლობაში მტერმა ხერსონის ოლქის 96 შეტევა განახორციელა. გაისროლა 432 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

მისივე თქმით, ოკუპანტების სამიზნე საცხოვრებელი კვარტლები, ქარხნები და კვების ობიექტები იყო

​უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 278 130 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 30 სექტემბრამდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

“გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის საჰაერო ძალებმა 11 დარტყმა განახორციელა პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ფოკუსირებულ უბნებზე და 2 დარტყმა მოწინააღმდეგის საჰაერო სარაკეტო კომპლექსებზე. სარაკეტო ქვედანაყოფებმა დაარტყეს პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს. გასულ დღეს მოწინააღმდეგის სავარაუდო დანაკარგები იყო: 470 ოკუპანტი, 4 ტანკი, 12 საბრძოლო ჯავშანმანქანა, 38 საარტილერიო სისტემა, 1 თავდაცვითი მოწყობილობა, 18 მანქანა და 2 სპეცტექნიკა,” – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი, პეტრო გასაჟი.
ტანკი – 4691
ჯავშანტექნიკა – 8984
საარტილერიო სისტემა – 6447
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 796
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 537
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 5006
ფრთოსანი რაკეტა – 1529
გემი/ნავი – 20
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 8854
სპეცტექნიკა – 932
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button