მსოფლიოსიახლეები

Ryanair: “ბრიტანეთის მთავრობის გეგმები იდიოტურია“

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი დიდი ბრიტანეთის მთავრობას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით მიღებული ზომების გამო აკრიტიკებს. მაიკლ ო’ლირის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის დაწესებული 14-დღიანი კარანტინი “იდიოტური და არაგანხორციელებადია“. ასევე, ამ იდეას ის “სასაცილოს“ უწოდებს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ კვირების განმავლობაში ვერ შეძლო კრიზისის მართვა.

Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, არის უფრო ეფექტური ზომები და ეს არის, მაგალითად, პირბადეების გამოყენება.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის გადაწვეტილებით, ახალი ზომა, რაც პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მიიღეს, ითვალისწინებს საერთაშორისო ვიზიტორების თვითიზოლაციას 14 დღის განმავლობაში. ეს შეზღუდვა არ ეხება საფრანგეთიდან და ირლანდიიდან ჩასულებს.

აღნიშნული ზომა საფრთხეს უქმნის Ryanair-ის გეგმებს, რომელიც ივლისიდან ავიარეისების 40%-ის აღდგენას აპირებს. სავალდებულო კარანტინის დაწესების გამო კი, ვიზიტორები ბრიტანეთში ჩასვლისგან თავს შეიკავებენ.

“ეს მთავრობა გვეუბნება, რომ ვერ ჩაფრინდები, თუ იქ 14 დღე არ იქნები იზოლაციაში“. – ამბობს მაიკლ ო’ლირი.

თავის მხრივ, ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს ზომები საზღვარგარეთიდან ინფექციის შემოტანის პრევენციისთვის კარგი საშუალებაა, რათა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა არ დაიწყოს.

შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთს კორონავირუსით დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. ამიტომაც, ქვეყნის მთავრობას, ვირუსის კრიზისთან გამკლავების კუთხით, არაერთი კრიტიკოსი ჰყავს. არის კრიტიკა სოციალური დისტანცირების დაგვიანების შესახებ, ასევე შეზღუდვების მოხსნასა და შემსუბუქებასთან დაკავშირებით. კრიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის ზომები ბუნდოვანი და არაპრაქტიკულია. მაგალითად, პრემიერმა ბორის ჯონსონმა ცალკეულ საწარმოში დასაქმებულებს მოუწოდა, სამსახურებს დაბრუნდებოდნენ, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ თავიდან უნდა აერიდებინათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება.

კონსენსუსი ბევრ საკითხთან და ზომასთან დაკავშირებით არ არსებობს, თუმცა, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პირბადის გამოყენება ტრანსპორტში რომ ეფექტური ზომაა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ამაზე კონსენსუსი არსებობს. “ხალხის მგზავრობის გარეშე, ეკონომიკა ვერ აღდგება“. – აღნიშნა მან.

ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ატარონ პირბადეები, თუმცა, ეს არ არის სავალდებულო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ პირბადე ეფექტურია მხოლოდ ხელების ხშირი დაბანის კომბინაციით. ცალკეული ქვეყნები კი, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სამხრეთ აფრიკა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებას სავალდებულოს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-ი ევროპაში მგზავრების რაოდენობით პირველ ადგილზეა. ის ცნობილია, როგორც დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც 200-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

Ryanair–ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ისინი საერთო ჯამში, 80 მილიონი მგზავრის გადაყვანას ვარაუდობენ, რაც წლის დასაწყისში დაგეგმილთან შედარებით, დაახლოებით, 50%-ით ნაკლებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button