მნიშვნელოვანისიახლეები

მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე

"დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას".

დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს.

„მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითი დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა პრემიერმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით ამბობს, რომ “დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას”.

კობახიძე ფიქრობს, რომ “დამნაშავის იდენტიფიცირება სასამართლოს საქმეა” და ახლა ყველა “მშვიდობის უზრუნველყოფაზე უნდა კონცენტრირდეს”.

“რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ომის დასასრულს ახლო მომავალში ყოველ შემთხვევაში, რაც არის ძალიან მძიმე, ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად, მძიმე პროცესია – მიგრაცია, ჰუმანიტარული კრიზისი, ეკონომიკური სირთულეები. ასეთ ვითარებაში ყველა უნდა იყოს კონცენტრირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე და პრობლემის დაძლევაზე”- თქვა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა ისტორიული გადაწყვეტილება ჰააგის გადაწყვეტილება, კობახიძე ფიქრობს, რომ ისტორიული შედეგი “უკრაინაში მშვიდობის დამყარება იქნება”.

“რაც შეეხება კონკრეტული პირების დამნაშავეებად ცნობას ეს არის შესაბამისი სასამართლო ინსტანციის საქმე და უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დაკავების ორდერი არ ნიშნავს სასამართლოს გადაწყვეტილებას”- ამტკიცებს ის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ ეშინია მას პუტინს უწოდოს დამნაშავე, კობახიძე ამტკიცებს, რომ “არავის არაფრის არ ეშინია”.

“მე გაგახსენებთ 2008 წელს – სჯობდა მაშინდელ ხელისუფლებას შეშინებოდა ომამდე და არა ომის დროს. სჯობდა გორში კი არ გაქცეულიყო მაშინდელი ე.წ. მთავარსარდალი, მაშინ კი არ შეშინებოდა, მანამდე შეშინებოდა. როცა გაიქცნენ წითელი ხიდისკენ, ომამდე უნდა შეშინებოდათ. შიში არის საჭირო მაშინ, როცა უნდა შეგეშინდეს და როცა არ უნდა შეგეშინდეს და როცა ხალხს უნდა აჩვენო შენი სითამამე, უნდა აჩვენო სითამამე, წინა ხელისუფლება მოქმედებდა პირიქით. ომამდე არ ჰქონდა შიშით და ომის დროს შეეშინდათ და ჩვენ ვმოქმედებთ პირიქით. უნდა შეგეშინდეს შენი ქვეყნის გამო თუნდაც იმისათვის, რომ დაიცვა მშვიდობა. ეს შიში არამარტო გამართლებულია, რამედ ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე”- თქვა კობახიძემ.

17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვაზე დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატა დაეყრდნო პროკურორის 2023 წლის 22 თებერვლის მიმართვას, რომ არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმაში დასარწმუნებლად, რომ ორივე ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულში.

რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ვლადიმირ პუტინმა „აშკარად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, – აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბარში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დაწერა, რომ ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება“.
კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ICC-ის გადაწყვეტილებას “აღმაშფოთებელი და მიუღებელი” უწოდა.
თავად ვლადიმირ პუტინს მისი დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე.

მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა.

ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის “მნიშვნელობა არ აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button