მნიშვნელოვანისიახლეები

ტყუილია თითქოს წყალი ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა მასის მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ჩამოსვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა-პაპუაშვილი

„მწვანე ალტერნატივას“ თქმით მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია

მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“, რომელმაც გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს საუბარია მდინარე ბუბაზე, იქნებ დაწეროს, რომ მდინარე ღვიორას ამ სტიქიასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია სოლიდარობა და კონსოლიდაცია და არა გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებით საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, სოციალური ქსელით და მედიით გავრცელდა რამდენიმე საკითხი, რომელმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ გავრცელებული 2021 წლის კვლევა ეხებოდა არა მდინარე ბუბას, არამედ მდინარე ღვიორას, რომელსაც შოვში მომხდარ სტიქიასთან საერთო არ აქვს. გარდა ამისა, მდინარე ბუბას კალაპოტი გასული საუკუნის 60-იან წლებში შეიცვალა და ამ თემით აპელირებაც საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს.

პაპუაშვილის განცხადებით, ტყუილია ისიც, თითქოს წყალი ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა. როგორც მან განმარტა, წინასწარი მონაცემებით, მასის მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ჩამოსვლას რამდენიმე წუთი დასჭირდა.

„მინდა, ყველას მივმართო, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ. რამდენიმე საკითხი მინდა დავასახელო, რომელიც სამწუხაროდ გუშინ გავრცელდა და იწვევს ხოლმე ისტერიას რაღაც საკითხები. მაგალითად, გუშინ ვნახეთ, რომ ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, გარემოს დაცვის სააგენტოს 2021 წლის კვლევა გაავრცელა, თითქოს ეს შეეხებოდა მდინარე ბუბას და ამ ტერიტორიას, რომ იყო ღვარცოფის საშიშროება. არის აბსოლუტურად სხვა მდინარეზე საუბარი, ღვიორაზე, რომელიც სულ სხვა ქედია და სხვა ხევი არის და ვნახეთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში ამას პანიკურად აზიარებდნენ, მათ შორის მედიის საშუალებითაც.

მე მივმართავ „მწვანე ალტერნატივას“, რომელიც იყო ამის ინიციატორი, მანაც იქნებ დაწეროს ამის შესახებ, რომ მცდარი იყო ინფორმაცია და არანაირი კავშირი ღვიორას ამ სტიქიასთან არ აქვს. მეორე: იყო საუბარი, თითქოს კალაპოტი იყო შეცვლილი „სანსეტ შოვის“ მიერ, ესეც ტყუილია. კალაპოტი არის ნამდვილად შეცვლილი, თუმცა 60-იან წლებში და არანაირი კავშირი მას ჩვენს თანამედროვეობასთან არ აქვს. მესამე: ასევე მედიაში გავრცელდა, თითქოს ორი დღის განმავლობაში გუბდებოდა წყალი და მდინარე ბუბაში ორი დღე წყალი არ იყო ან დაწეული იყო – ესეც არის ტყუილი. ჩვენ დღეს სავარაუდოდ გვექნება გეოლოგიური დასკვნა პროცესებთან დაკავშირებით. წინასწარი მონაცემებით, მოწყვეტიდან საბოლოო პუნქტამდე ამ ღვარცოფული ქვა-ღორღის ჩამოსვლას, სულ რამდენიმე, დაახლოებით 5-6 წუთი დასჭირდა და დაგროვებაც იყო ძალიან მცირე პერიოდში, ამაზე კიდევ გვექნება საბოლოო დასკვნა.

ამიტომ, მინდა ყველას მივმართო: ახლა არ არის დრო, დაბნეულობა შევიტანოთ საზოგადოებაში, მომხდარი ტრაგედიით ყველა ისედაც დათრგუნულია, ახლა არის სოლიდარობის, კონსოლიდირების დრო და ყველას ვთხოვ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაავრცელონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში აღნიშნულია, სოფელ გლოლაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფული პროცესების განვითარების მაღალი რისკია. აღნიშნული ბიულეტენი მწვანე ალტერნატივის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო გუჯარაიძემ გაავრცელა.

როგორც გუჯარაიძე წერს, სააგენტო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენს, სადაც აღწერილია სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი შემდეგი წლისთვის. მისივე თქმით, 2022 წლის ანგარიში სააგენტომ მათ არ მიაწოდა.

“სამარცხვინოა, რომ ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად სამართლებრივი დავა გვჭირდება, მაგრამ ეს სხვა დროს”, – აღნიშნავს გუჯარაიძე.

საინფორმაციო ბიულეტენში ვკითხულობთ, რომ მოცემულ ტერიტორიაზე ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალური საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს:

“ღვარცოფული ნაკადების გავლა ხდება საშუალოდ წელიწადში 2-3-ჯერ, საშიშროების რისკი – მაღალი”.

გასატარებელ ღონისძიებებში მითითებულია, რომ საჭიროა მდინარე დღვიორას კალაპოტის პერიოდული გაწმენდა-დაღრმავება და ბორტების გამაგრება: ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგის წარმოება.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.

სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button