მნიშვნელოვანისიახლეები

,,საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს-სიცრუეა რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ,,-არალეგიტიმური პარლამენტის განცხადება

საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. “მეგობარი აქტის” შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. “მეგობარი აქტი” სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება.
სიცრუეს ეფუძნება ბრალდება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს, – ამის შესახებ ნათქვამია „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 87 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თავისი არსით, შეესატყვისება ურთიერთობების იმ ხარისხს, რომელიც აშშ-სა და ჩინეთს შორის არის ჩამოყალიბებული, ირანთან ურთიერთობა კი იმ დონეზეც არ არის განვითარებული, რაც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკავშირებს.

„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის ფონზე, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების უდიდესი უმრავლესობისგან განსხვავებით, საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს. 2012 წლის შემდეგ არ შემდგარა არცერთი ქართველი პოლიტიკოსის არცერთი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში. რუსეთთან ვაჭრობის წილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში 12 პროცენტზე ნაკლებია. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის საერთო შემფასებელმა მისიამ დაადგინა, რომ საქართველო არ უშვებს თავისი ტერიტორიის გამოყენებას რუსეთის ფედერაციის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის დროს სენატს მოახსენა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ო’ბრაიანმა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ საქართველო შეუერთდა 600-ზე მეტ საერთაშორისო აქტს, რომელიც გამოხატავდა მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გმობდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან საქართველოზე ბევრად მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ყველა მეზობელ ქვეყანას, ისევე როგორც მოლდოვას, რომელიც დსთ-ის წევრად რჩება და რომლის პოლიტიკოსები რუსეთში ვიზიტებსაც არ ერიდებიან. ლიეტუვა და ლატვია ღვინის მწარმოებელ საქართველოზე რამდენჯერმე მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში. ყველა ეს ფაქტი მოწმობს სიცრუეს და ორმაგ სტანდარტს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული;

საქართველოსა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თავისი არსით, შეესატყვისება ურთიერთობების იმ ხარისხს, რომელიც აშშ-სა და ჩინეთს შორის არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პრეზიდენტ ტრამპის ოპტიმისტურ განცხადებებს ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ამ ფონზე სრულიად გაუგებარია, თუ რა შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს სასაყვედურო საქართველოს მიმართ ქართულ-ჩინურ ურთიერთობებთან დაკავშირებით;

იგივე ეხება საქართველოსა და ირანის ურთიერთობებს, რომელიც, სამწუხაროდ, იმ დონეზეც კი არ არის განვითარებული, რაც ირანს რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ირანთან დაკავშირებით სპეკულაციების საბაბად იქცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის დასწრება ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელშიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ინაუგურაციას აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, აშშ-ში სპეკულაციების სამიზნედ მხოლოდ საქართველო იქცა, რაც ამ შემთხვევაშიც უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button