პენტაგონის პრესმდივნის თქმით უკრაინას წინ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა ელის
გასული წლის შემოდგომიდან, უკრაინელებმა რუსული ძალების 700-მდე რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, გასული წლის შემოდგომიდან, უკრაინელებმა რუსული ძალების 700-მდე რაკეტა ჩამოაგდეს.
“მხოლოდ 11 სექტემბრიდან დღემდე, საჰაერო თავდაცვას 700-მდე რაკეტა აქვს ჩამოგდებული. [უკრაინის] თავდაცვის მინისტრმა ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმების შემდეგ, მტერმა 820 საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ისინი [რუსები] ამ რაკეტებს წლების განმავლობაში აწარმოებენ, ზოგიერთს კი ათწლეულების განმავლობაში”, – თქვა უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა.
უკრაინის ცნობით, მთლიანობაში, მტერმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე 15 მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. ბოლო თავდასხმა 9 მარტს მოხდა და 6 საათზე მეტხანს გააგრძელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ ბოლო დაბომბვისას მტერმა სხვადასხვა ტიპის 84 რაკეტა გაისროლა. დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ელექტროსადგური დაზიანდა. ელექტრომომარაგებასთან დაკავშირებით ყველაზე რთული ვითარება ხარკივისა და ჟიტომირის რეგიონებშია.
პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის განცხადებით, უკრაინას წინ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა ელის.
“მნიშვნელოვანია, გადავდგათ ნაბიჯი და შევხედოთ მიღწეულ პროგრესს, ამავდროულად, გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ უკრაინას წინ ჯერ კიდევ მძიმე ბრძოლა ელის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვიახლოვდება გაზაფხული და ზაფხული”, – თქვა პენტაგონის პრესმდივანმა.
რუსული ძალები აქტიურად ცდილობენ წინსვლას აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით და დიდ ზარალს განიცდიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ მტერი ცდილობს დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს მიაღწიოს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ზაფხულის დასაწყისში დაგეგმილია რუსი ოკუპანტების დიდი შეტევა. ამასთან, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომისთვის ეს პერიოდი გადამწყვეტი იქნება.