პარლამენტმა ვერც ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს პროფესიული წევრები აირჩია

პარლამენტმა დღეს, 22 დეკემბერს კენჭი უყარა სახალხო დამცველისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს.
თუმცა პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – თამარ ალფაიძეს და რევაზ ეგაძეს მხარი არ დაუჭირა. თამარ ალფაიძემ ვერცერთი ხმა ვერ მიიღო, რევაზ ეგაძეს კი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მათ ასარჩევად 100-ხმიანი კვორუმი იყო საჭირო, თუმცა პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულმა კანდიდატებმა პარლამენტისგან ნულოვანი მხარდაჭერა მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატების შესარჩევი მეორე ტური არ გაიმართება.
მიზეზი პარტიებს შორის უთანხმოებაა, რის გამოც “ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრები ჩააგდო.
პარლამენტმა ასევე არ დაუჭირა მხარი ცესკო-ს წევრობის ოთხ კანდიდატს: გიორგი ისაკაძეს, გიორგი მარსაგიშვილს, ქრისტინე ქაჯაიასა და ნათია წიპტაურს.
საკანონმდებლო ორგანომ ომბუდსმენის თანამდებობაზე ვერც ერთი წარდგენილი კანდიდატი ვერ აირჩია. წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ, 21 დეკემბერს თქვა, რომ ომბუდსმენის არჩევას ამ სესიაზე ვერ შეძლებდნენ. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ომბუდსმენობის 5 კანდიდატიდან, ოპოზიცია არც ერთს არ უჭერს მხარს.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ომბუდსმენობის 2 კანდიდატზეა ჩამოყალიბებული და “იმის იქით, არავის მხარდაჭერას აპირებენ”. მდინარაძის თქმით, დღევანდელი კენჭისყრა ფორმალური სახისაა.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია.
ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ამოეწურა.
31 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ომბუდსმენი პოსტზე 3 პირის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
ამასთან, პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები 9 სექტემბერს მიიღო. მას მხარი არ დაუჭირეს ლელომ, ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა.
მმართველი პარტია ომბუდსმენის არჩევის წესში ცვლილებებს გამჭვირვალობითა და ინკლუზიურობით ხსნის.
15 სექტემბერს, პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას სახალხო დამცველის კანდიდატურების წარდგენის წესთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ რომ ახალ სახალხო დამცველს პარლამენტი, სავარაუდოდ, იმ წესის გამოყენებით აღარ აირჩევს, რა წესითაც ომბუდსმენის პოსტზე 19 კანდიდატი შეირჩა.
2022 წელს სახალხო დამცველის არჩევის იმ დროებითი წესის მოქმედება სრულდება, რომლის საფუძველზეც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით კანდიდატების შეფასების 9-კაციანი ჯგუფი შექმნა, ხოლო სახალხო დამცველობის მსურველ კანდიდატებთან დაკავშირებით რეგლამენტში კონკრეტული კრიტერიუმები გაიწერა. ამავე დროებითი წესის თანახმად, სახალხო დამცველობის კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო.
ეს ის დროებითი ნორმაა, რომელიც 2022 წლამდე მოქმედებდა. რეგლამენტის ძირითადი ნორმის თანახმად კი, სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურებს პარლამენტს ფრაქცია და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს.
პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს.
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია. სახალხო დამცველის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო, თუმცა ამ რაოდენობით ხმა პარლამენტში არც ერთ პარტიას არა აქვს. საერთო კანდიდატზე შეთანხმება კი მხარეებმა ვერ შეძლეს. შედეგად 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო და ყველა კანდიდატი ჩავარდა.