მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო

რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს

ომის 467-ე დღე
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წუხელ გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი შეტევა თუმცა რუსეთის არმიამ შეტევა მოიგერია. ოპერაციის ადგილად დასახელებულია დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქს ესაზღვრება.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა ღამის ორი საათის შემდეგ გაავრცელეს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომლის თანახმად, „4 ივნისს, დილიდან მოწინააღმდეგემ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით“. კონაშენკოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების „სტრატეგიული რეზერვებიდან“ ბრძოლაში ჩაერთნენ 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადები, სხვა სამხედრო ნაწილების და ქვედანაყოფების მხარდაჭერით.

რუსი გენერლის განცხადებით, მოწინააღმდეგის მიზანი იყო, “მისი აზრით, ფრონტის ყველაზე მოწყვლად მონაკვეთებზე” რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევა, რასაც “ვერ მიაღწია და წარმატება არ ჰქონია”. კონაშენკოვის მტკიცებით, რუსეთის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მოქმედებების შედეგად, უკრაინის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 250-ს აჭარბებს და განადგურებულია 16 ტანკი, ქვეითთა 3 საბრძოლო მანქანა და 21 ჯავშანმანქანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეტევის მიმართულებით მდებარე მართვის ერთ-ერთ პუნქტზე პირადად იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს კონტრშეტევის დაწყების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების შესახებ არც სხვა წყაროები იუწყებიან. 4 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა 34-წამიანი ვიდეო, რომელზეც ასახულია უკრაინის თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო. მათ სიჩუმის ნიშნად თითი ტუჩთან მიაქვთ. ვიდეოკადრები მთავრდება წარწერით „გეგმებს უყვართ სიჩუმე. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება“.

ბოლო თვეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევაზე გადასვლას გაზაფხულზე გეგმავდნენ.

ამასთან უკრაინული მხარის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის, უკრაინას საკმარისი იარაღი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

კულებას თქმით, კონტრშეტევა უკრაინას გამარჯვებას მოუტანს, რომელიც მას ნატოში გასაწევრიანებლად სჭირდება.

ამასთან, როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს არ უთქვამს დაიწყო თუ არა მისმა ქვეყანამ კონტრშეტევა.

კულებას განცხადებითვე, უკრაინის ნატოში გაწევრიანება „ალბათ“ მხოლოდ აქტიური კონფლიქტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, ზაფხულის კონტრშეტევის დროს უკრაინა F-16 გამანადგურებლებს არ გამოიყენებს.

“ზაფხულში, რუსეთის ძალების წინააღმდეგ მოსალოდნელ კონტრშეტევაში უკრაინა უარს იტყვის F-16 გამანადგურებლების გამოყენებაზე, მაგრამ ყველა სახმელეთო იარაღს გაააქტიურებს.

F-16 საბრძოლო თვითმფრინავები ზაფხულში ვითარებას არ შეცვლის. შემოდგომაზე ან ზამთარში უკრაინა F-16-ების გამოყენებისთვის მზად იქნება. უკრაინელი მფრინავების მომზადებას დრო დასჭირდება”, – თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსული ძალების წინააღმდეგ, შესაძლოა, ზაფხულში დაიწყოს. მისი თქმით, კონტრშეტევა რამდენიმე მიმართულებით იგეგმება.

ამერიკელი გენერლის, მარკ მილის განცხადებით, უკრაინა კონტრშტევისთვის კარგად არის მომზადებული, თუმცა პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა.

“უკრაინა ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა ქვეყნისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის – ევროპისთვის, შეერთებული შტატებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის”, – თქვა ამერიკელმა გენერალმა.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი უკრაინის სამომავლო კონტრშეტევის პერსპექტივას დადებითად აფასებს. ის მიიჩნევს, რომ უკრაინული ძალების სამხედრო ქმედებები ოფიციალურ კიევს “სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს” დაუბრუნებს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი დირექტორი, ამერიკელი გენერალი, დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ძალიან შთამბეჭდავი იქნება. მისი თქმით, უკრაინელებისთვის გამარჯვება ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას ნიშნავს.

შეგახსენებთ, 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევების დასაწყებად მზადაა.

თვეების განმავლობაში აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინას კონტრშეტევების დასაწყებად შესაბამის იარაღსა და აღჭურვილობას აწვდიდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button