პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

პარლამენტში დღეს საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან. სალომე ზურაბიშვილი კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის ტრიბუნა ფრაქციათა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებს დაეთმობათ. გამოსვლების დასრულების შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია დასკვნითი სიტყვის უფლებაც გამოიყენოს.
ოპოზიცია განსაკუთრებით ინტერესდება,თუ რა შედეგით დასრულდა ევროპაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი უცხოელ პარტნიორებთან. მათივე აზრით, განხილვის თემა იქნება პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის განსხვავებული პოზიციებიც.
სესია, სადაც პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით გამოვა, 12:00 საათზე დაიწყება. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ჯერ კიდევ 5 მარტს აპირებდა, თუმცა მის წინადადებას საპარალამენტო ბიურომ მხარი არ დაუჭირა.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის ფორმატი რეგლამენტით არის გათვალისწინებული და მისი მოხსენება წლიურ ანგარიშთან ერთად დაეთმობა მიმდინარე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე მსჯელობას და საქართველოს უსაფრთხოების საკითხს.
ალექსანდრე რაქვიაშვილის და გრიგოლ გეგელიას ხმა
როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, 14 მარტს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.
„აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“,– ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.