მნიშვნელოვანისიახლეები

“ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ

კონსტიტუციის პატივისცემა და მის შესაბამისად მოქმედება ყველა კონსტიტუციური ორგანოს უპირველესი ვალია. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციის დაცვის ვალდებულებას თავად კონსტიტუცია პირდაპირი ტექსტით აკისრებს – ნათქვამია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში, რომელსაც პარტია ავრცელებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, აშკარად იკვეთება უარყოფითი ტენდენცია და ჩვენი ვალია, ამ ტენდენციაზე იმთავითვე მოვახდინოთ პოლიტიკური რეაგირება, რათა მან კონსტიტუციური სისტემის ფუნქციონირებას რაიმე ჭარბი სირთულე არ შეუქმნას.

ვიდრე დეტალებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტს გვინდა მოვუწოდოთ, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და განსაკუთრებით, სამი მთავარი კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.
გუშინდელ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა შემოგვთავაზა მთელი რიგი ახალი თამაშის წესები, რომლებიც სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება. აშკარაა, რომ მისი სურვილია კონსტიტუციის მიღმა იმოქმედოს. თუმცა, პრეზიდენტს გვინდა შევახსენოთ, რომ სახელმწიფო სისტემის თამაშის წესებს არა პრეზიდენტი, არამედ კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციის გადაწერის შესაძლებლობას ვერავინ მისცემს.

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობას ანიჭებს. საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპების შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში ჩართვა საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით შეუძლია. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ ექვემდებარება საგარეო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული არცერთი სახელმწიფო უწყება, რაც მის მიერ ამ უფლებამოსილების განხორციელებაში ეფექტიან ჩართვას შეუძლებელსაც კი ხდის. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თავისებურებები საპარლამენტო რესპუბლიკის პრინციპებიდან გამომდინარეობს.

სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. შესაბამისი აქტი პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოიცემა, ამგვარ აქტზე კი, კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მხოლოდ მთავრობას ეკისრება. ეს ნიშნავს, რომ ელჩის განწესების მატერიალურ უფლებამოსილებას კონსტიტუცია მთავრობას ანიჭებს, პრეზიდენტს კი ამ სფეროში მხოლოდ სამართლებრივი და ცერემონიული უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამასთან, თანახელმოწერის დათქმაც რომ არ იყოს დადგენილი, ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება სწორედ ამ სახით განიმარტება – პრეზიდენტი ელჩებს ფორმალურად ნიშნავს, მათ შერჩევაზე კი, პოლიტიკურ-პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობაა პასუხისმგებელი.

გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა, რაც საქართველოს კონსტიტუციას უხეშად ეწინააღმდეგება. გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების შესაბამისად, საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების კუთხითაც, საქართველოს კონსტიტუცია პრიორიტეტს მთავრობას ანიჭებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება. ამ კონსტიტუციური დათქმის დარღვევით, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ეს მან გუშინდელ სხდომაზე თავადაც აღიარა, განახორციელა რამდენიმე ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვიზიტები პრეზიდენტმა მთავრობასთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციის გარეშე დაგეგმა და მთავრობას ვიზიტების შესახებ მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა, რაც ადასტურებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია წინასწარი განზრახვით დაარღვია. ჩვენ გავუფრთხილდით პრეზიდენტის ინსტიტუტს და ეს ფაქტი არ გავასაჯაროეთ, თუმცა, ახლა, როდესაც პრეზიდენტმა ის თავად გაასაჯაროა, მასზე პოლიტიკური რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია.

საინტერესოა, რომ გუშინდელ გამოსვლაში პრეზიდენტს მისი ევროპული ვიზიტების შესახებ ერთი სიტყვაც არ უთქვამს, როცა 5 მარტს საგანგებო სხდომის მოწვევას სწორედ ვიზიტის შესახებ სასწრაფო მოხსენების წარდგენის აუცილებლობით ხსნიდა. ეს ფაქტი იმასაც ცხადყოფს, რომ პრეზიდენტი ევროპიდან რაიმე ხელშესახები შედეგის გარეშე დაბრუნდა.

სრულიად გაუგებარი იყო პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს შესახებ. უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო სამთავრობო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის იქმნება. ამ სამთავრობო ორგანოში არასამთავრობო სუბიექტების, პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეყვანა სისტემის ლოგიკასა და ორგანოს არსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაშიც, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ან საქართველოს კონსტიტუციას ვერ კითხულობს და დღემდე მის არსში ვერ გაერკვა, ან ის ამ შემთხვევაშიც კონსტიტუციის თავისებურად გადაწერას ცდილობს. მთავარსარდლის სტატუსზე მითითებაც იმ პირობებში, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში ეს სტატუსი მხოლოდ ცერემონიული დატვირთვის მატარებელია, იმაზე მეტყველებს, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას სწორად ვერ ან არ კითხულობს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მთავარი ორგანო საქართველოს მთავრობაა. მთავრობის სხდომებთან ერთად, პრემიერ-მინისტრთან რეგულარულად იმართება ოპერატიული თათბირები უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. სწორედ ერთ-ერთ ასეთ თათბირზე იქნა მოწვეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც მიეცა განმარტებები პრეზიდენტის ვიზიტის მიზანშეუწონლობის შესახებ, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა.

უკანასკნელ პერიოდში, პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევის ორი უხეში პრეცედენტი დაფიქსირდა პარლამენტის მიმართაც. კერძოდ, თავდაპირველად, პრეზიდენტმა პარლამენტში მისი მისვლის თარიღი პარლამენტთან შეთანხმების გარეშე გამოაცხადა, ხოლო, მოგვიანებით, პარლამენტთან შეთანხმების გარეშე სხდომათა დარბაზის მთავარ სივრცეში შეიყვანა უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რისი უფლებაც, კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი კარგად ხვდებოდა უხერხულობას, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ელჩის გაწვევის პირობებში, ამგვარი აქტი უკავშირდებოდა და პარლამენტის თავმჯდომარეს საკუთარი განზრახვა ამ მიზეზით დაუმალა. უკრაინელი ხალხის მიმართ პატივისცემისა და სოლიდარობის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებლისთვის პრეზიდენტის მიერ შექმნილი უხერხულობა აგვერიდებინა და პარლამენტის სხდომაზე მის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა სათანადოდ გამოვხატეთ.

გუშინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის რამდენიმე გაუგებარი განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი „გამორჩეული“ იყო შემდეგი ფრაზა – „ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს“. ამასთან, ამგვარი შეურაცხმყოფელი ფრაზის მიღმა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობს ხელისუფლების გაუბედავ და უღირს მოქმედებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია გამოხატა ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის მიმართ რეაგირებას უკავშირდებოდა – იქნებოდა ეს ევროსაბჭოში რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერება, გაეროს რეზოლუციის თანასპონსორობა, ჰააგაში შეტანილი საჩივრის თანაავტორობა თუ სხვა. თუ პრეზიდენტი გულისხმობს იმას, რომ საქართველო სანქციებს უნდა მიერთებოდა და ომში უნდა ჩართულიყო, კეთილი ინებოს, თავად გამოიჩინოს გამბედაობა და ეს ღიად თქვას. იმედი გვაქვს, ის არ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ტაქტიკას, რომელიც სანქციებსა და ომზე ღიად ვერ საუბრობს, თუმცა, ყველა პროვოკაციით ცდილობს, ხელისუფლებას სწორედ აქეთკენ უბიძგოს.

არანაკლებ გაუგებარი იყო პრეზიდენტის განცხადება ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. პირველ რიგში, პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი როგორც კი ხდება მინისტრი, პოლიტიკის ელემენტარული კანონების თანახმად, ის აღარ არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ხდება მმართველი კოალიციის წარმომადგენელი. საზოგადოების ყურადღებას აღარ შევაჩერებთ იმაზე, თუ როგორია ეს ოპოზიცია, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს. გაუგებარია, როგორ ასაბუთებს პრეზიდენტი ევროინტეგრაციის მინისტრის პოსტზე ოპოზიციონერის დანიშვნის მიზანშეწონილობას, როცა გუშინ თავადვე აღნიშნა დიდი ხნის წინ ცნობილი ფაქტი, რომ ოპოზიცია „დადის და (სახელმწიფოს) ძირს უთხრის“. რა სარგებელი უნდა ჰქონდეს ძირგამომთხრელის დანიშვნას ევროინტეგრაციის მინისტრად, საზოგადოებას თავადაც შეუძლია განსაჯოს. გარდა ამისა, პრეზიდენტის ეს განცხადება აშკარად ემსახურებოდა საზოგადოებაში ჭარბი მოლოდინის გაჩენას ევროინტეგრაციის ტემპებთან დაკავშირებით. ევროპელი პოლიტიკოსების – ბორელის, მაკრონის, შოლცის და სხვების სიტყვები ცხადყოფს, რომ ევროკავშირის წევრობამდე საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინასა და მოლდოვას, სამწუხაროდ, არცთუ მოკლე გზა აქვს გასავლელი. გასატარებელია არაერთი რეფორმა, რასაც არაერთი წელი დასჭირდება. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებას დღემდე ძალისხმევა არ დაუკლია და არც მომავალში დააკლებს. ამ პირობებში, გაუგებარია, რა საჭიროა ღია კარის მტვრევა, რაც რადიკალური ოპოზიციის ცნობილი ხელწერაა. როგორც გავარკვიეთ, ევროინტეგრაციის მინისტრად ოპოზიციონერის დანიშვნა იყო პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლის ძირითადი სათქმელი, რაც, თავისთავად, მრავლისმთქმელია.
საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებები და საფუძველს მოკლებული განცხადებები განსაკუთრებული საფრთხის შემცველია იმ დროს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, მსოფლიო და საქართველო უსაფრთხოების განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დგას.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციას და კარგად გაიაზროს საპარლამენტო რესპუბლიკის არსი, რომლის დამკვიდრებაში მას, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს, 2017 წელს უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული. ასეთ შემთხვევაში, ის მომავალში მაინც იქნება დაზღვეული შეცდომებისა და გადაცდომებისგან და მისი სამომავლო ქმედებები და განცხადებები ამდენ კითხვას აღარ დატოვებს. საქართველოს პრეზიდენტმა პირველ რიგში უნდა სცეს პატივი საქართველოს კონსტიტუციას და პრეზიდენტის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს.” ნათქვამია ქართული ოცნების განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სალომე ზურაბიშვილის საგარეო ვიზიტის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტის ნებისმიერ შეხვედრა კონსტიტუციის მიხედვით, უნდა თანხმდებოდეს ქვეყნის მთავრობასთან. როგორც პრემიერმა განაცხადა, მთავრობას მიაჩნია, რომ რეგიონში მიმდინარე რთული პროცესების დროს პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანაში უნდა იყოს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს, პრემიერის თქმითვე, საქართველოს პრეზიდენტი შეცდომაშია შეყვანილი.

„ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ სალომე ზურაბიშვილი. პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები“,- ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე მმართველ გუნდს.

როგორც გოცირიძე განმარტავს, მმართველმა გუნდმა პოლიტსაბჭოს განცხადებით რუსეთის ხელისუფლებას მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სალომე ზურაბიშვილის გზავნილები არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას.

„როგორც ხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ კუდიანებზე ნადირობის ახალი სეზონი გახსნა. მთავარ კუდიანად გამოცხადებული გყავთ სალომე ზურაბიშვილი. პატარ-პატარა კუდიანები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც, თურმე ქვეყანაში შექმნეს შაქრის დეფიციტი და ეწევიან ეკონომიკურ საბოტაჟს.

არ გრცხვენიათ?! რა განცხადება გააკეთეთ დღეს პოლიტსაბჭოზე?! ვინ არის თქვენი განცხადების ადრესატი?! საქართველოს მოსახლეობა?! ნურას უკაცრავად, დღეს თქვენ რუსეთის ხელისუფლებას მიმართეთ.

თქვენ უთხარით, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ევროპაში ჩავიდა და განცხადებები გააკეთა, არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. პოლიტსაბჭოს განცხადების მთავარი შინაარსია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი გაიპარა, თურმე საქართველოს მთავრობა ბლოკავდა: თვითმფრინავი არ მისცეს, ფული არ მისცეს, საკუთარი ხელფასით აიღო ბილეთი, ეს არის მისი როგორც კერძო მოქალაქის აზრი, ბოდიში, გვაპატიეთ, რომ მან უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებები გააკეთა “,– აღნიშნავს გოცირიძე.

„ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ პრეზიდენტს მთავრობის წარდგენილი ელჩების კანდიდატურის დაბლოკვის უფლება არ აქვს, კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაციაა,- პოლიტიკის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

მენაბდის თქმით, პირველი, რაც ამ მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ჩანს, არის კონფლიქტი, რომელიც მმართველ გუნდსა და სახელმწიფოს მეთაურს შორის არსებობს.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, კონფლიქტის ნიშნებს აქამდეც ვხედავდით, მაგრამ ეს ახლა პირველად გასაჯაროვდა.

„როგორც ჩანს, კონფლიქტი ღია ფაზაში გადადის. ამაში რა თქმა უნდა, თავისთავად არაფერია ტრაგიკული – ბუნებრივია, კონსტიტუციურ ორგანოებს გააჩნდეთ განსხვავებული ხედვები პოლიტიკაზე და საკუთარ უფლებამოსილებაზე.

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა და შეაფასა მათი პარტიის განცხადება, რომლის თანახმად მთავრობა მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის წარმომადგენელი მთავრობის სპეციალურ სხდომაზე იყო მიწვეული, სადაც განემარტა გარკვეული რისკების შესახებ, თუ რატომ უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი ამ რთულ სიტუაციაში ქვეყანაში და რატომ არ შეიძლებოდა შეუთანხმებლად დაეგეგმა შეხვედრები.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, “პრეზიდენტის საგარეო შეხვედრები ვიზუალურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შედეგის მომტანი არ ყოფილა”. მისივე თქმით, პრეზიდენტის კომპეტენცია საგარეო პოლიტიკის წარმოება არ არის და არსებობს ერთადერთი დაშვება, რომ მან საგარეო ურთიერთობებში წარმოადგინოს ქვეყანა – ისიც მთავრობის თანხმობით.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი არ ექნება, თუმცა იძულებული არიან პრეზიდენტს „კარგად განუმარტონ კონსტიტუციის კონკრეტული დათქმების შესახებ“.

მამუკა მდინარაძის ხმა

დღეს, 15 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდგომ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, 14 მარტს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

“ქართული ოცნება” მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაეცნოს საქართველოს კონსტიტუციასა და პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს.

14 მარტს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული საომარი მოქმედების ფონზე, მას საჭიროდ მიაჩნდა საერთაშორისო პარტნიორებთან საქართველოს საკითხის განხილვა, თუმცა, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button