მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

თბილისის შემდეგ სიძულვილის შემცველი ბანერები თელავშიც განათავსეს

თბილისის შემდეგ, სიძულვილის შემცველი ბანერები თელავშიც განათავსეს. ბანერები წარწერით, “არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს,” თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე ღამით ჩამოკიდეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის მენეჯერების გარდა, ექსპრემიერი გიორგი გახარია ბანერზე პირველად გამოსახეს.

პარტია ” საქართველოსთვის ” მერობის კანდიდატის, გიგა ორკოდაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ ბანერებზე, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, საკუთარი კანდიდატები უნდა დაამატოს.

“ყველა კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლება იმყოფება სრულ აგონიაში და ყოველდღიურად, ერთმანეთზე დიდ შეცდომებს უშვებს. ამის ნათელი გამოხატულებაა, თუნდაც, ეს ბანერი. ნაციონალური მოძრაობის საფრთხობელად გამოყენება ვეღარ უშველით. 2 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. ორგანიცაზია “ოცნებას” კი ვურჩევდი, მაგ ბანერებზე დაამატონ თავიანთი კანდიდატები, რომლებსაც ლურჯი მაისურის ქვეშ წითელი ფერის მაისურები აცვიათ”- განაცხადა ორკოდაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავის პარტიული სიის პირველი ნომრის, ლექსო ძულიაშვილის განმარტებით, ეს არის ოცნების სახე.

” ბევრი ვიხალისეთ, სიმართლე გითხრათ. სასაცილოა იმიტომ, რომ სხვა არაფერი აქვთ და გამუდმებით იყენებენ სიძულვილის ენას. ასეთი მეთოდით იბრძვიან მუდამ, რაც მოვიდნენ ხელისუფლებაში”- განაცხადა ძულიაშვილმა.

ბანერებთან კავშირს უარყოფენ ” ქართული ოცნების” თელავის შტაბში. შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, პარტიას ბანერები არ განუთავსებია.

” არავითარი კავშირი ამ ბანერებთან არ გვაქვს, გვაქვს ჩვენი კამპანია და ამ ფარგლებში ვხვდებით ამომრჩევლებს, ვარიგებთ სააგიტაციო მასალას და ვესაუბრებით ჩვენს გეგმებზე. შინაარსს თუ შევეხებით, ვიღაც თუ ცუდ საქციელს აკეთებს, შეგუებული უნდა იყოს, რომ ამას მთელი სიცოცხლე დააყვედრიან,თუმცა, გიმეორებთ, არავითარი კავშირი ამ ბანერების განთავსებასთან არ გვაქვს. ჩვენ ეს არაფერში გვჭირდება, ისედაც დარწმუნებული ვართ, ხალხის გონიერებაში”- განმარტა კალმახელიძემ.

ბილბორდები ” ქართული ოცნების” თელავის მერობის კანდიდატის, ლევან ანდრიაშვილის ბანერის მოპირდაპირედაა განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button