კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გვარების ომი პანკისში

გვიან ღამით, პანკისში, სოფელ დუისში, დაუდგენელმა პირმა ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა.

ერთ-ერთი ვერსია, რომელსაც გამოძიება პანკისში სროლის საქმეზე განიხილავს, შურისძიებაა. მას შემდეგ, რაც ღამის საათებში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციამ დაკითხვაზე 2019 წელს მოკლული ვისო მუთოშვილის ძმა გადაიყვანა.

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ წარსულ დანაშაულს უკავშირდება ახალი შემთხვევა, რადგან მუთოშვილის მკვლელობის საქმეში არბი და მურად ქავთარაშვილები ფიგურირებს.

ასლან მუთოშვილთან სამართალდამცველებს კითხვები ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას ცეცხლსასროლი იარაღი, ან სად იმყოფებოდა ის გუშინ ღამით 12 საათისთვის, მაშინ, როდესაც ქავთარაშვილების სახლის მიმართულებით რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

როგორც მუთოშვილები ამბობენ, ასლან მუთოშვილთან ერთად, გუშინ პოლიციის განყოფილებაში კიდევ სამი პირი გადაიყვანეს.

ამ დროის მანძილზე უშედეგო აღმოჩნდა გვარების შესარიგებლად გამართული რამდენიმე შეხვედრა. იყო მუქარაც სისხლის აღებაზე. საქმეზე დაკავებული ჯერჯერობით არავინაა. მომხდარის შემდეგ პირველი კომენტარი მოკლული ვისო მუთოშვილის მამამ გააკეთა, რომელიც ისევ სისხლის აღებაზე საუბრობს.

“ჩემი შვილი მაგათი მოკლულია… მაგათ ათასი მტერი ჰყავთ. გვარების შერიგება არ იქნება.” – ამბობს მოკლული ვისო მუთოშვილის მამა, რამაზ მუთოშვილი.

მოისმინეთ რამაზ მუთოშვილის ხმა.

პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ბაღაკაშვილი აცხადებს, რომ ხეობა ორი გვარის შერიგებას მუდმივად ცდილობს. მისი თქმით, ქავთარაშვილებს მუთოშვილებთან შერიგება სურთ.

“ვინ რა გააკეთა, მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ შევარიგოთ ეს ორი გვარი. ჩვენ ვცდილობთ, ჯგუფ-ჯგუფად, მთელი ხეობაც, რამდენჯერმე ყოფილა, რომ სახლში მივსულვართ, გვითხოვია, რომ ღმერთის გულისთვის, გაეთვალისწინებინათ და ეს სისხლის აღება არ მომხდარიყო. ქავთარაშვილებს უნდათ შერიგება.” – ამბობს პანკისის სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი, თამაზ ბაღაკაშვილი.

მოისმინეთ თამაზ ბაღაკაშვილის ხმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, დაუდგენელმა პირმა სოფელ დუისში ქავთარაშვილების სახლს ცეცხლი გაუხსნა. ვერსიებთან დაკავშირებით, ქავთარაშვილები ამბობენ, რომ შემთხვევა შესაძლოა, 2019 წელს სოფელ საკობიანოსთან მომხდარ მკვლელობის საქმეს უკავშირდებოდეს, რომელშიც მურად ქავთარაშვილი ფიგურირებს. მაშინ 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს, ქავთარაშვილი კი, დაჭრეს.

იმ პერიოდში, საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს, თუმცა ვისო მუთოშვილის ახლობლებმა სისხლის აღებაზე დაიწყეს საუბარი. პრევენციის მიზნით, მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button