მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 51 დღე -რა დანაკარგები აქვთ მხარეებს

ოკუპანტების იერიშებს 3 ადამიანი ემსხვერპლა დონეცკში, დაშავდა 7 მოქალაქე. დილით განგაშის სიგნალი გამოცხადდა უკრაინის დედაქალაქში, კიევის ადმინისტრაციამ მოსახლეობას თავშესაფრებში დაუყოვნებლივ გადასვლისკენ მოუწოდა.

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში. აფეთქებები იყო ხერსონის, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქებში, სადაც საცხოვრებელი უბნები დაიბომბა, ბრძოლები გაიმართა იზიუმსა და დონეცკის ოლქის მიმართულებითაც.

უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ხარკოვის ოლქში სულ მცირე 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი ცნობით, დაღუპულთა შორის 24 ბავშვია.

“ეს არის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენ მათ სიცოცხლეს არ ვაპატიებთ”-წერს ის.

ხარკოვი რუსეთის საზღვართან 40 კმ-ში მდებარეობს და ომის დაწყებამდე იქ 1,5 მილიონი მოქალაქე ცხოვრობდა. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ომის დაწყების შემდეგ ხარკოვში საბრძოლო მოქმედებები “შესვენების” გარეშე მიმდინარეობს.

“მტერი აგრძელებს სარაკეტო იერიშებს დასახლებული პუნქტების ინფრასტრუქტურაზე. ვოლინისა და პოლისიას მიმართულებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების ნაწილები ასრულებენ სხვადასხვა დავალებას უკრაინა-ბელორუსიის საზღვრის დასაფარად.

ვითარება სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებებში უცვლელია. სამხრეთ ბაგის რაიონში მტერი ცდილობს შეავსოს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მარაგი, ასევე საწვავი და საპოხი მასალების მარაგი.

ბოლო 24 საათში დონბასში რუსი ოკუპანტების 8 შეტევა მოვიგერიეთ. განადგურებულია ოთხი ტანკი, ექვსი ჯავშანტრანსპორტიორი, ოთხი საბრძოლო მანქანა და ერთი საარტილერიო სისტემა,“-აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის პრესსპიკერი ალექსანდრ სტუპუნი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი იგორ კონაშენკოვი კი ამბობს, რომ რუსულმა ავიაციამ უკრაინის 48 სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში:

“ოპერატიულ-ტაქტიკურმა ავიაციამ უკრაინის 48 სამხედრო ობიექტზე მიიტანა იერიში. განადგურდა ორი სამეთაურო ცენტრი, სარადარო სადგური, იარაღის ექვსი საწყობი. მარიუპოლის ოპერაციის დროს კიდევ 134-მა უკრაინელმა სამხედრომ ნებაყოფლობით დაყარა იარაღი. მათ შორის 14 ოფიცერი იყო. ბოლო 24 საათში საერთო ჯამში დაგვნებდა 1 160 ჯარისკაცი,” – აღნიშნა ოგორ კონაშენკოვმა.

ზაპოროჟიეს ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ივან არეფიევი ავრცელებს.

მისი თქმით, აგრესორებმა შეტევა ქალაქ ვასილივკაზე განახორციელეს.

მანვე აღნიშნა, რომ ოკუპანტები აპირებენ თავიანთი მედიის წარმომადგენლების გაგზავნას ვასილივკაში, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მიზნით პროპაგანდისტული მასალები გადაიღონ.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ზაპოროჟიეს რეგიონში მძიმე ვითარებაა. რუსები რეგულარულად ბომბავენ ქალაქებს, ოკუპირებულ ქალაქებში კი ქმნიან კომენდანტის ოფისებს და პროპაგანდისტულ მასალებს ავრცელებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button