მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი დაადანაშაულა

რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი დაადანაშაულა გაეროს წესდების დარღვევაში. ნებენზია დარღვევად იმას მიიჩნევს, რომ ამ სახელმწიფოებმა გაეროს გენერალურ მდივანს გაუგზავნეს წერილი და ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გადაცემის გამოძიებისკენ მოუწოდეს. გაეროს გენერალურ მდივანს გამოძიებისთვის მიმართა უკრაინამაც. რუსეთი აცხადებს, რომ გაეროს სამდივნოს მსგავსი მანდატი არ გააჩნია.

26 ოქტომბერს, ნებენზიამ განაცხადა, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი გადახედავს გაეროს სამდივნოსთან თანამშრომლობას. „ვერ ვიტყოდი, რომ თანამშრომლობის შეწყვეტით ვიმუქრებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლობას გადავხედავთ“, – უთხრა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს რუსეთის წარმომადგენელმა.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ სამართლებრივ საკითხებში, მიგელ დე სერპა სუარეშმა 26 ოქტომბერს უარყო რუსეთის მტკიცება, რომ გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს არ გააჩნია ირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამოსაძიებლად უკრაინაში ექსპერტების გაგზავნის მანდატი.

გაეროში აშშ-ის წარმომადგენლობამ რუსეთი დაადანაშაულა გაეროს მიმართ მუქარასა და ყურადღების გადატანის მცდელობაში იმ ფაქტიდან, რომ ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატების მიღებით არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას.

უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ. რუსეთი უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მსგავსი პოსტები

Back to top button