მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის 517-ე დღე -უკრაინის არმია ომის ხაზს არღვევს და წინ მიიწევს

უკრაინის სამხედრო გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე წინ წაიწიეს.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის გენ. შტაბის სპიკერი, ანდრეი კოვალოვი ირწმუნება, რომ რუსი მებრძოლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები სამხრეთით მაინც წინ მიიწევენ. კერძოდ, საუბარია წარმატებაზე სტარომაიორსკეს დასახლებასთან, სადაც უკრაინის ძალები “მტკიცედ ამაგრებენ დაკავებულ პოზიციებს”.

უკრაინის გენ. შტაბი ასევე ირწმუნება, რომ რუსების ძირითადი პრიორიტეტი სამხრეთის მიმართულებით, უკრაინელთა წინსვლის აღკვეთაა, რაც მათ ძლიერ წინააღმდეგობაზეც აისახება.

ცნობილია, რომ კიევი სამხედრო ოპერაციებს ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებითაც მართავს.

„ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციის მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ღერძებზე და აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს”, – განაცხადა ანდრეი კოვალოვმა.

ტავრიის რეგიონის თავდაცვის ძალების სპიკერის, ვალერი შერშენის ცნობით, უკრაინელები დონეცკის ოლქში, ოკუპირებულ სტარომაიორსკში 750 მეტრით დაწინაურდნენ. შერშენის თქმით, უკრაინის თავდასხმის შედეგად რუსეთის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა.

“შეტევითი მოქმედებების შედეგად უკრაინულ ჯარებს ნაკლები დანაკარგი აქვთ პერსონალსა და სამხედრო აღჭურვილობაში, საოკუპაციო არმიას კი მნიშვნელოვნად დიდი დანაკარგები,” – ამბობს შერშენი.

თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებაზე ვითარება არ შეცვლილა. უკრაინელი დამცველები მიღწეულ პოზიციებზე დგანან და მტრის სამიზნეებს ურტყამენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button