უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები 10 დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის არმია მობილიზებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად და ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საოკუპაციო ძალების ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია ავდეევკის, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით. ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით.
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 12 დარტყმა განახორციელეს რუსი სამხედროების კონცენტრაციის უბნებზე და მოწინააღმდეგის საზენიტო სარაკეტო სისტემა დაბომბეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლსა და ქალაქის მიმდებარე რაიონებში აფეთქებების ხმა გაისმა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, 3 იანვარს ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ტოკმაკზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული და დაშავებული რუსი სამხედროების საერთო რიცხვმა 80 შეადგინა.
თუმცა, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსული მხარე დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს და მხოლოდ საავადმყოფოს შენობის დაზიანების შესახებ იუწყება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების ცნობით, ოკუპირებული ზაპოროჟიეს ქალაქ ვასილევკაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კომენდატურაზე დღეს განხორციელებულ დარტყმებს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
ამასთან, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან 300 მეტრით წინ წაიწიეს. მათივე ცნობით, ბახმუტთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, რუსი სამხედროები არტილერიის დახმარებით ცდილობდნენ პოზიციების დაკავებას, თუმცა, მოწინააღმდეგის მიახლოებასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, მათ უკან დაიხიეს, რის შემდეგაც უკრაინული ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ, 300 მეტრით წინ წაიწიეს და პოზიციები გაიმყარეს.
რუსული ძალები ბახმუტის აღებას უკვე ნახევარი წელია, ცდილობენ.
უკრაინა გაზაფხულზე დიდ შეტევას გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ბუდანოვის თქმით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები მარტშია მოსალოდნელი.
„ეს არის ტერიტორიების გათავისუფლება და რუსეთის ფედერაციისთვის საბოლოო მარცხის მიყენება“, – აღნიშნა ბუდანოვმა.
მან აღნიშნა, რომ შეტევა მთელი უკრაინის ტერიტორიაზე იქნება, „ყირიმიდან დონბასამდე“.
„ჩვენი მიზანია და ჩვენ მას მივაღწევთ, – 1991 წლის საზღვრებამდე დაბრუნება, ისეთის, როგორ უკრაინასაც აღიარებს საერთაშორისო სამართლის ყველა სუბიექტი”, – განაცხადა ბუდანოვმა.