მნიშვნელოვანისაქართველო

სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” მხარს უჭერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ თავად ზურაბიშვილმა,რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე, “ქართული ოცნების” ლიდერების ფონზე განაცხადა.

“შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება, ველოდით მეტს. პირველ ტურში პირველი ადგილი ესაა გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის ცილისწამების  ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ  ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი ადგილი პირველ ტურში. რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება მოვხსნა კანდიდატურა. და რა, ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა?!

და რა,მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში?! მგონი, არ მიცნობენ! მემგონი, არ მიცნობენ, კახელიც ვარ და მეგრელიც; ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული. ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის, მზად ვარ ბრძოლისთვის, იმიტომ, რომ მჯერა თქვენი, ვინც დღეს გვისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის, მჯერა იმის, რომ იცით, რა გინდათ საქართველოსთვის.

მჯერა იმის, რომ თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორ კანდიდატს შორის, თუ ორ პარტიას შორის, დღეს არის არჩევანი ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო. ეს არის მეორე ტური და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. ჩვენს მხარეს არის ევროპა, ჩვენს მხარეს არის საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა დგას ორი არჩევანის წინაშე, როგორი უნდა საზოგადოებას, იყოს საქართველო.

ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, არჩევნების  მეორე ტურის შესაძლო გამართვის უკიდურესი თარიღი 2 დეკემბერია. 

მეორე ტურში ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: “გაერთიანებული ოპოზიციიდან”გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება” უჭერს მხარს.

მსგავსი პოსტები

Back to top button