მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა უკრაინის დედაქალაქი კვლავ დაბომბა

22 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით შეტევა იყო. იუწყებიან, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ სოლომენის რაიონში ჩამოაგდო დრონი, რომლის ნამსხვრევები საცხოვრებელ სახლს დაეცა. უკრაინულ მედიას ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ მიაწოდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 ჩამოაგდეს.

“ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას, Shahed 136/131 ტიპის 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა 24 დრონი გაანადგურეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
კიევის დროით შუაღამით, შესაბამის უწყებაში ცეცხლის გაჩენის შესახებ შევიდა შეტყობინება სოლომენის რაიონის იმ საცხოვრებელი სახლის ზედა სართულიდან, რომელსაც დრონის ნაწილები დაეცა.

კიევის მერის წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები – ორ ადამიანს სამედიცინო მომსახურება გაეწია, ერთი მათგანი კლინიკაში მოათავსეს, სხვას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

წუხელვე დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა კიევის დარნიცის რაიონში. გოლოსეევის რაიონში კი ორსართულიანი, დაუსრულებელი შენობის მეორე სართულზე ცეცხლი გაჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მოგვიანებით უკრაინელმა მაშველებმა ჟურნალისტებს უჩვენეს თავდასხმის ზოგი შედეგი, სამ ბინაში დანგრეული კედლები.

ხელისუფლება მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმიდან ნიკოლაევში, ხერსონსა და ოდესაში გაუშვეს რის შედეგადაც დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც საკუთარ სახლში იმყოფებოდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო ამბობს, რომ დაშავებულ ქალს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის ცენტრალური ოლქის დაბომბვის შედეგად 85 წლის ქალი დაშავდა… დაშავებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მან უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე,” – წერს მროჩკო Telegram-ზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button