კრემლი “მოღალატე” ოფიცრების გაქრობას ცდილობს

გამოცემა Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვში პრიგოჟინის ამბოხიდან რამდენიმე საათში რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ვაგნერთან დაკავშირებული რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, მათ შორის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი, გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.
WSJ-ის თქმით, კრემლი ცდილობს, გააქროს ის ოფიცრები, ვის მიმართაც არსებობს ეჭვები, რომ ხელისუფლებას “ღალატობენ”. წყაროს ცნობით, სულ მცირე 13 მაღალი რანგის ოფიცერი დააკავეს დასაკითხად, 15-ს კი საქმიანობა შეუწყვიტეს ან გაათავისუფლეს.
წყაროს ცნობით, სუროვიკინი, რომელიც სირიაში დაბომბვის კამპანიების გამო “გენერალი არმაგედონის” სახელითაა ცნობილი, დაკავებულია და დაკითხვაზეა. მას სასჯელი ჯერ არ დაჰკისრებია.
გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სუროვიკინმა იცოდა ამბოხების გეგმების შესახებ, თუმცა 24 ივნისის მოვლენებში თავად არ მონაწილეობდა.
“დაკავებები ეხება რიგების იმ ადამიანებისგან გაწმენდას, ვისზეც მიაჩნიათ, რომ ვეღარ ენდობიან” – აცხადებს წყარო.
ამ საკითხზე კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ WSJ-ის კითხვებს არ უპასუხა. რუსეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ანდრეი კარტაპოლოვი კი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება, ამბობს რომ სუროვიკინი ისვენებს და ახლა „ხელმისაწვდომი არაა“.
გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ასევე დააკავეს სუროვიკინის მოადგილე გენერალი ანდრეი იუდინი და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გენერალი ვლადიმირ ალექსიევი, თუმცა ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
“ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, გადაადგილება შეუზღუდეს და უთვალთვალებენ” – წერს გამოცემა.
WSJ-ის ცნობით, დაკავებულებს შორისაა ყოფილი გენერალი მიხაილ მიზინცევიც, ვინც წარსულში თავდაცვის მინისტრის მოადგილე აპრილში კი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერს შეუერთდა.
გამოცემის ცნობით, გენერალი სუროვიკინი ბოლოს 23 ივნისს გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ის იარაღით ხელში პრიგოჟინს და მის მებრძოლებს “აჯანყების შეწყვეტას სთხოვდა”.
სუროვიკინის დაკავების შესახებ გამოცემა Financial Times-იც წერდა.
2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა. ის ჯარებს 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა.
რუსული სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ის ცნობით, სუროვიკინი 2017 წლიდან რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურობდა. 2017 წლის მარტიდან კი ის სირიაში რუსი სამხედროებს ხელმძღვანელობდა.
სუროვიკინს 2017 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის გმირის ჯილდო გადაეცა.
2022 წლის თებერვალში სუროვიკინი ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, „აქტიური მხარდაჭერისა და იმგვარი ქმედებების განხორციელებისა და პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეში აგდებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენულობასა და დამოუკიდებლობას, ისევე როგორც უკრაინის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“.
რუსეთის არმიის გენერალმა ივან პოპოვმა დაადასტურა ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები, რომ 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პოპოვი მიზეზად ასახელებს სიმართლეს, რომელიც „უფროს ხელმძღვანელებს“ არ მოსწონდათ. რუსეთის 58-ე არმია საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში.
გენერალ-მაიორ პოპოვის 4-წუთიანი აუდიომიმართვა 12 ივლისს, ღამით, ტელეგრამით გაავრცელა რუსეთის დუმის დეპუტატმა, 58-ე არმიის ყოფილმა სარდალმა ანდრეი გურულიოვმა.
ივან პოპოვი 58-ე არმიის სამხედროებს მიმართავს სიტყვებით, „ჩემო საყვარელო გლადიატორებო“ და ატყობინებს, რომ სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თადარიგში გადაიყვანეს და მის ნაცვლად დანიშნეს გენერალ-ლეიტენანტი ლიამინი.
გენერალი პოპოვი გვარების დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ „რთული სიტუაცია შეიქმნა უფროს ხელმძღვანელობასთან, როცა ან უნდა გაჩუმებულიყავი და დაგემალა, რისი მოსმენაც არ უნდოდათ, ან ყველაფრისთვის თავის სახელი დაგერქმია“. რუსეთის არმიის „უფროსი ხელმძღვანელი” გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვია.
ივან პოპოვი აცხადებს, რომ დაღუპული თანამებრძოლების გამო, ტყუილის თქმის უფლება არ ჰქონდა, ამიტომ „ყველაზე მაღალ დონეზე“ განსაზღვრა საბრძოლო მუშაობის და უზრუნველყოფის მხრივ არმიაში არსებული ყველა პრობლემა და ყურადღება გაამახვილა „თანამედროვე ომის ყველაზე დიდ ტრაგედიაზე“ – კონტრბატარეის ბრძოლის და საარტილერიო დაზვერვის სადგურის არარსებობასა და მოწინააღმდეგის არტილერიისგან რუსი მებრძოლების მასობრივ სიკვდილსა და დასახიჩრებაზე.
როგორც გენერალი პოპოვი ამბობს, როგორც ჩანს, „უფროსმა ხელმძღვანელებმა“ მასში რაღაც საფრთხე დაინახეს, „ერთ დღეში შეთითხნეს თავდაცვის მინისტრის ბრძანება“ და „თავიდან მოიშორეს“.
„როგორც დღეს თქვა დივიზიების პოლკების ბევრმა მეთაურმა, ჩვენი არმიის ფრონტიდან შენგრევა ვერ შეძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა და ჩვენ ზურგიდან დაგვარტყა ჩვენმა უფროსმა ხელმძღვანელმა. მოღალატეობრივად და უნამუსოდ არმიას თავი მოკვეთა ყველაზე მძიმე და დაძაბულ მომენტში”, – აცხადებს გენერალი პოპოვი.
ივან პოპოვის აუდიომიმართვის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 11 ივლისს, რამდენიმე რუსული ტელეგრამ-არხი, მათ შორის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული Grey Zone წერდა, რომ გენერალმა პოპოვმა გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს შესთავაზა ფრონტის პირველ ხაზზე ხანგრძლივად მყოფი ქვედანაყოფების როტაცია მათი მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, გერასიმოვმა კი პოპოვი დაადანაშაულა პანიკასა და შანტაჟში და მას შემდეგ, რაც გენერალი პრეზიდენტ პუტინთან ჩივილით დაემუქრა, 58-ე არმიის სარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
58-ე არმია მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომშიც. რუსეთის სახმელეთო ჯარების ამ გაერთიანებას მაშინ გენერალი ხრულიოვი ხელმძღვანელობდა.