მნიშვნელოვანისიახლეები

“დავიღლებით? არა!”, -გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

“აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და საავტომობილო გზა გადაკეტეს. მათ ჯერ მოედანზე, ესტაკადის ერთი ნაწილი, საბურთალოდან სანაპიროზე მიმავალი გზა დაიკავეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მედიასთან განმარტა, რომ პროტესტის ამ მეთოდით სურთ, დისკომფორტი შექმნან და რაც შეიძლება, ბევრ ადამიანს მიაწვდინონ ხმა. აქციაზე ისმის შეძახილები, “არა რუსულ კანონს”, “გამოდით”. მომიტინგეები ადგილზე 19:00 საათიდან შეიკრიბნენ, თუმცა მაშინ პოლიციამ მათ გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს აფრთხილებდნენ, რომ მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო გზის გადაკეტვისთვის და ტროტუარზე გამოეხატათ პროტესტი.
გმირთა მოედანზე მოძრაობა თითქმის სრულად პარალიზებულია. გახსნილია მხოლოდ გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზა. ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

დემონსტრანტები ქუჩებზე სხდებიან, რათა ავტომობილებმა გადაადგილება ვეღარ მოახერხონ.

“დავიღლებით? არა!”, – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
პარალელურად, “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქცია იწყება პარლამენტის შენობის წინ.
არა რუსულ კანონს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. მოქალაქეები “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ.

“გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებმა, ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ ასასვლელი გზა გადაკეტეს. დემონსტრანტების განცხადებით, მათ სურთ ყველა მოქალაქეს გააგებონონ თავიანთი პროტესტის შესახებ.

მანამდე, მათ პოლიციამ არაერთხელმ მოუწოდა გზა არ გადაეკეტათ, რადგან ეს კანონდარღვევა იქნებოდა.

თავდაპირველად, მომიტინგეები დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას და გადავიდნენ ტროტუარზე. იყო მცირე დაპირისპირებაც, რა დროსაც პოლიციამ გმირთა მოდენაზე აქციის მონაწილე, მუსიკალურ ჯგუფ “ქვემეხის” წევრი, სანდრო ქერაული დააკავა. ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა დააკავა.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს. საპოლიციო ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ ხშირად იყენებს წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. სპეცრაზმელები ფიზიკურადაც უსწორდებიან დემონსტრანტებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button