მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ 70-ზე მეტ ქართველს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დააკისრა

საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში ბაზირებული „ქართული ლეგიონის“ 70-მდე მებრძოლი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ შორის არის მამუკა მამულაშვილი, რომელმაც 2014 წელს „ქართული ლეგიონი“ დააფუძნა. მათ ბრალად ედებათ უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა.

„დადგენილია, რომ მამულაშვილმა 2014 წელს ჩამოაყალიბა „ქართული ლეგიონი“ და ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკების“ ხელისუფლებების წინააღმდეგ გადაიბირა ქართული წარმოშობის პირები“, – აცხადებს საგამოძიებო კომიტეტი.

მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ ცნობა თავდაპირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა. იმ დროს საგამოძიებო კომიტეტი ანალოგიური ბრალდების შესახებ მიუთითებდა („გამოძიება მიმდინარეობს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 359-ე – დაქირავებული მებრძოლების გადაბირება და მათი ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში; 282-ე – სამხედრო მოსამსახურეების სოციალური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივება, რომელიც ჩადენილია პირის მიერ საჯაროდ, ძალადობის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით”). თუმცა მაშინ აღნიშნული იყო, რომ მამუკა მამულაშვილთან ერთად პასუხისგებაში მისცეს საქართველოს 24 მოქალაქე. როგორც ჩანს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ამჯერად ბრალდებულთა რაოდენობა გაზარდა.

კითხვაზე, რეალობაში როგორ შეიძლება აისახოს რუსეთის ფედერაციაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მამუკა მამულაშვილმა მედიასთან კომენტარი ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში გააკეთა, რომ ეს არ იქნება მისდამი რუსეთში აღძრული პირველი საქმე.

„შეიძლება, რუსეთის მიმართ მეგობრულმა ქვეყნებმა დამაკავონ, მაგრამ მე ვცდილობ, არ მოვხვდე ეგეთ ქვეყნებში. 8 წელია, რუსეთის წინააღმდეგ ვომობ და ლაპარაკი იმაზე, რომ საქმეებს ღძრავენ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასე რომ, თავიანთ დადგმულ სცენებზე საქმეების აღძვრა ჩვეულებრივი რუსული პროვოკაციაა“, – თქვა მამუკა მამულაშვილმა.

ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, მთავრობამ, შესაძლოა, ქართველი მებრძოლები უკრაინიდან ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს.

“ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი თავის მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც ფაქტიურად კონფრონტაციაში არიან, პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო დიდ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს. მგონი, ამაზეც არის გათვლილი სწორედ ეს პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არის, შემიძლია დავარქვა დაშინების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის…

ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. სულ სხვადასხვა დანაყოფებიდან არიან ბიჭები, ქართული ლეგიონის დანაყოფებიდან, ესენი არ არიან ერთი დანაყოფის წევრები. უბრალოდ, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, სწორედ ის ინფორმაცია არის გადაცემული”, – ამბობს მამულაშვილი.

შეგახსენებთ რომ დღეს რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა სამთავრობო მედია TASS-მა გაავრცელა.

29 ივნისს, რუსეთის საგამოძიებო კომისიამ 33 ქვეყნის 160 მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მათ შორის არიან ქართველი სამხედროები.

ამის შემდეგ, ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რომ “ინტენსიურად მიდის თანამშრომლობა” რუსეთის სპეცსამსახურებსა და საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს შორის. მისი თქმით, 1 წლის წინ რუსულ მხარეს სავარაუდოდ, 30-33 ქართველ მებრძოლზე ჰქონდათ ინფორმაცია, დღეს კი ეს რიცხვი 125-მდე გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button