რუსებმა კიევი რაკეტებით კვლავ დაბომბეს

რუსეთმა 13 დეკემბრის ღამეს კიევს ბალისტიკური იარაღით შეუტია. კიევის მერიის ინფორმაციით, 53-მდე გაიზარდა რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. მათ შორის 6 ბავშვია. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაშავდა 51 ადამიანი.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ რაკეტები მტერმა დაახლოებით ღამის სამ საათზე გაუშვა.
მისივე განცხადებით, საჰარეო თავდუაცვამ გაანადგურა მტრის ყველა სამიზნე, თუმცა ნამსხვრევები ქალაქის სამ მარცხენა სანაპირო რაიონებში ჩავარდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაზიანებულია 10-მდე სახლი, საავადმყოფოს შენობა, წყლით მომარაგების სისტემის მილები და სხვა ინფრასტრუქტურა. დამწვარია 19 ავტომობილი დესნიანსკის რაიონში 9-სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის გამო საჭირო გახდა მობინადრეთა ევაკუაცია.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად კიევის დნეპრის და დარნიცკის რაიონებში, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს 10 რაკეტით „ისკანდერი“ და С-400. გენშტაბის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც. ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის სამხრეთზე, ძირითადად, ოდესის ოლქზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 10-ვე დრონი გაანადგურეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა კომუნალური საწარმოს ტერიტორია და საპორტო ინფრასტრუქტურა. დაშავდა 2 ადამიანი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის, მისი ქალაქებისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვის ყოველი დამატებითი სისტემა და რაკეტა. ზელენსკი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ როგორც კი გუშინ პრეზიდენტ ბაიდენთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად მუშაობაზე შეთანხმდნენ, „ტერორისტმა ქვეყანამ“(რუსეთმა) ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობის დემონსტრირება მოახდინა.
უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების შეხვედრა 12 დეკემბერს თეთრ სახლში გაიმართა. დღეს, 13 დეკემბერს, ზელენსკი ვაშინგტონიდან ჩავიდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.