მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის შეფასება ცნობილია

საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ევროკომისიის შეფასება ცნობილია.

“ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე”, – ასეთია ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივა, თუმცა მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს.

“რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ, თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს, სანამ გადავცემთ კანდიდატის სტატუსს”,- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე.

“საქართველოს შემთხვევაში, ასევე დავსახეთ გარკვეული პრიორიტეტები, რაზეც უნდა გვაჩვენონ შედეგები. ეს შეეხება დემოკრატიას, გვინდა ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლოს რეფორმა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ასევე, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და უნდა ჩატარდეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიებები. ბოლო არის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და უპირველეს ყოვლისა ეს არის მედია გარემოს გაუმჯობესება”,- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

“უკრაინა არის ევროპული სახელმწიფო, რომელმაც საკმარისად დაამტკიცა თავისი ერთგულება იმ ღირებულებებთან, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. მაშასადამე, კომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ იგი გადადგამს რამდენიმე კონკრეტულ ნაბიჯს”, – ნათქვამია რეკომენდაციაში.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. ხორვატია იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც ბლოკს 2013 წელს შეურთდა. განაცხადის გაკეთების შემდეგ, მას ამისთვის 10 წელი დასჭირდა.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოსადმი ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები შეასრულოს და ამის მიხედვით გადაწყდეს მისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს, 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თანახმად, ძალიან დაწვრილებით განიხილეს აპლიკანტი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რის საფუძველზეც გადაწყვიტეს:

მიეცეს უკრაინას ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

უკრაინამ უნდა განამტკიცოს სასამართლო სისტემა, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკორუფციული ინსტიტუტები. ამასთან, უკრაინამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების 80% დააკმაყოფილა, დარჩენილია ეთნიკური უმცირესობების კანონი.
რაც შეეხება მოლდოვას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ “ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კომისია რეკომენდაციას აძლევს მოლდოვას, მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”

საქართველოსთან დაკავშირებით, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკომისიამ გადაწყვიტა, რომ მას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შეფასდეს, როგორ აკმაყოფილებს პირობებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იმავე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რაც უკრაინასა და მოლდოვას აქვთ. მის აპლიკაციას აქვს ძლიერი მხარეები, როგორიცაა ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი. წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს და დასახოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმების განსახორციელებლად ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც კონკრეტულად დასახავს აუცილებელ რეფორმებს, რომლებშიც ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და რომელიც ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით ისარგებლებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი გამოსვა ამ სიტყვებით დაასრულა:

“უკრაინელები მზად არიან, დაიხოცონ ევროპული პერსპექტივისთვის. ჩვენ გვინდა, რომ მათ იცხოვრონ ევროპულ ოცნებაში.”

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა: „ჩვენ ვიმუშავეთ სწრაფად და ეფექტურად, რათა რეკორდულ დროში შეგვძლებოდა წარმოგვედგინა ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ველით, რომ წევრი ქვეყნები მიიღებენ გადაწყვეტილებებს უახლოეს დღეებში, მაგრამ ჩვენმა პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე უნდა დაიწყონ მუშაობა, რათა მათ მხარი დაუჭირონ ჩვენს რეკომენდაციაში ასახულ ძირითად რეფორმებს. ეს არის გადამწყვეტი იმისთვის, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო წინ წავიდნენ ევროკავშირის გზაზე.”

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ “ნაციონალურ მოძრაობას” და “მის სატელიტებს” ადანაშაულებდა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში.

თავის მხრივ, ოპოზიციაში ამბობდნენ, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა ყველაფერს აკეთებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ვერ მიეღო. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.

ევროპარლამენტმა ამ რეზოლუციით ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება ქვეყანაში. ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და იმ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ევროკავშირის ფასილიტაციით მოხდა, – ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციები ასევე ეხება სასამართლო სისტემასა და მედიას.

„საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ასევე, პრიორიტეტების სრულყოფილი სია გვაქვს, რომლის საფუძველზეც ჩვენ უნდა შეგვეძლოს შეთავაზების გაკეთება, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს ქვეყანას. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ პოლიტიკური პოლარიზაციის კლება ქვეყანაში. ჩვენ ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან და იმ შეთანხმების განხორციელება, რომელიც ევროკავშირის ფასილიტაციით მოხდა. ასევე, რეკომენდაციები ეხება სასამართლო სისტემას. ჩვენ ასევე გვჭირდება წინსვლა კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მეოთხე საკითხი არის ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან. უნდა იყოს ძლიერი გამოძიება ჩატარებული, პროკურატურა – აქაც პირნათელი მუშაობა და შემდეგია ფუნდამენტური უფლებების დაცვა. უნდა იყოს გარანტირებული თავისუფლება, მედიის მუშაობისა და ჟურნალისტების დამოუკიდებლობა ქვეყანაში. დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ დღეს არის ის დღე, როცა განაცხადს ვაკეთებთ და შემდეგ კვირას საბჭო განიხილავს ჩვენს წინადადებას“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, “ქართული ოცნების” მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, 28 თებერვალს უკრაინის მიერ გაკეთებული განაცხადის შემდეგ მოაწერა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს, მოლდოვასთან ერთად გადაეცა. ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის შევსებული პირველი ნაწილი 2 მაისს, მეორე ნაწილი კი 10 მაისს გადასცა.

გასულ კვირას ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ არის ინიციირებული.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button