პარლამენტმა უცხოელებზე საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 80 ხმით მხარი დაუჭირეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატან ცვლილებებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა წარადგინა.
“აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი შეეხება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის დაზუსტებას, ე.წ. მემკვიდრე პარტიების შესაძლო შექმნასთან და ამასთან მიმართებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე განმარტებით, თუკი კონკრეტული პარტიის აკრძალვის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა იმავე პირთა ჯგუფის მიერ, არაკონსტიტუციური მიზნებით, თვალთმაქცურად, ახალი ე.წ. მემკვიდრე პარტიის შექმნა, წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, გათვალისწინებულია ეფექტიანი, საკანონმდებლო ჩარჩო რათა, საკონსტიტუციო სასამართლომ რაც შეიძლება ოპერატიულად შეძლოს სათანადო სარჩელით მიმართვის შემთხვევაში, სამართლებრივი რეაგირების განხორციელება.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თავშესაფრის პროცედურების გამკაცრებას და შს სამინისტროს შეფასებით, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
შსს-ს მიერ ინიცირებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი ცვლილებები დეპუტატებს ოცნების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა.
კანონის მიხედვით:
უცხოელებისთვის ქვეყნის დატოვება და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული სასჯელის ფორმად განისაზღვრება;
იზრდება ჯარიმები ქვეყანაში ყოფნის წესების დარღვევისთვის;
მარტივდება გაძევების პროცედურა არალეგალი პირებისთვის;
შეიცვლება თავშესაფრის ვადები — დაჩქარებული პროცედურა იმ პირებისთვის, ვინც ქვეყანაში შემოსვლიდან ერთ თვეში არ მოითხოვა თავშესაფარი;
შეიზღუდება ბინადრობის ნებართვა უცხოელებისთვის, რომელთა გაძევების საკითხი უკვე განხილვაშია;
შეიძლება თავშესაფრის განხილვა საზღვარზევე, იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის შემოშვება ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის;
ასევე, ინერგება ელექტრონული შეტყობინების წესი გადაწყვეტილებების ჩასაბარებლად, რაც შსს-ს თქმით, გაამარტივებს პროცედურებს და გაამკაცრებს კონტროლს.
უწყებისგანმარტებით, ცვლილებები მიზნად ისახავს სისტემის გამკაცრებას და თავშესაფრის მექანიზმის ბოროტად გამოყენების პრევენციას.
გარდა ამისა, დარახველიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ უწყება შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მექანიზმს ამუშავებს, რომელიც მათ ქვეყნიდან გაძევებას გაამარტივებს.