მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას გმობენ

პორტებიდან პორდუქტის ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, შაბათს დილით რუსეთმა ოდესა დაბომბა. დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პორტში ხანძარი იყო.

სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა.

ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს უკრაინის ოდესის პორტზე განხორციელებულ რუსულ სარაკეტო თავდასხმას და ამ ქმედებით მოსკოვმა დაარღვია სტამბოლში მიღწეული შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები- ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, თავდასხმა ძირს უთხრის გაერო-ს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას, მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზება მოახდინონ.

ბლინკენს მიაჩნია, რომ გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვს ეკისრება.

“ეს თავდასხმა სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ გუშინ ხელმოწერილი შეთანხმებების მიმართ რუსეთის ერთგულების საიმედოობას და ძირს უთხრის გაეროს, თურქეთისა და უკრაინის ძალისხმევას მსოფლიო ბაზარზე უკიდურესად მნიშვნელოვანი სურსათის მიწოდების ორგანიზების შესახებ.

რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა გლობალური სასურსათო კრიზისის გაუარესებაზე და დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესია და სრულად შეასრულოს შეთანხმება, რომელზეც დათანხმდა,” – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ბლინკენის უწყება აღნიშნავს, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებიდან სულ რაღაც 24 საათის შემდეგ, რუსეთმა დაარღვია თავისი ვალდებულებები პორტზე თავდასხმით.

„კრემლი აგრძელებს მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხოების უგულებელყოფას, რადგან ის აგრძელებს თავდასხმას უკრაინაზე”, – აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

რუსეთი რაკეტებს იყენებს, რათა მთელ მსოფლიოში ერები აშიმშილოს, ისევე როგორც ადრე მან მოაწყო „გოლოდომორი“ უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ოდესის პორტზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შეფასებისას განაცხადა. „მხოლოდ გუშინ იქნა მიღწეული შეთანხმება ჩვენს პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განსახორციელებლად. დღეს რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა დაარტყეს ოდესის პორტს.

90 წლის წინ რუსეთმა მოაწყო „გოლოდომორი“ იარაღის დახმარებით. ახლა ისინი იყენებენ რაკეტებს, რომ სხვა ერები აშიმშილონ“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

ოდესის პორტზე რუსულ სარაკეტო თავდასხმას თურქეთის თავდაცვის სამინისტროში გამოეხმაურნენ.

როგორც ქვეყნის თავადაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, მისმა უწყებამ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, რის შემდეგაც სატელეფონო საუბარი შედგა მასსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსი რეზნიკოვსა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრ კუბრაკოვს შორის.

„ჩვენ მივიღეთ აუცილებელი ინფორმაცია“- განაცხადა აკარმა.

მისივე განმარტებით, უკრაინულმა მხარემ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ პორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა არ ყოფილა ნეგატიური ზეგავლენა ნავსადგურების ტევადობასა და სიმძლავრეზე და მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მან მოლაპარაკებები რუსულ მხარესთანაც გამართა.

„რუსებმა გვითხრეს, რომ მათ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ თავდასხმასთან და რომ ისინი ძალიან ყურადღებით და დეტალურად სწავლობენ საკითხს“,- განაცხადა აკარმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტის დაფიქსირება შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე ძალიან აწუხებს თურქეთს.

„ჩვენ ეს ძალიან გვაწუხებს, თუმცა ვაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებას სეთანხმების მიხედვით“,- განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვა ძალადობის აქტად შეაფასა. ამის შესახებ მან განცხადება „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ ოდესის პორტის დაბომბვა აჩვენებს, რომ რუსეთისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც მის სიტყვას და არც გლობალურ ჰუმანიტარულ ვითარებას.
„ოდესის დაბომბვა შეთანხმებიდან მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტს, ძალადობის აქტია, რომელიც უნდა დაიგმოს. ეს აჩვენებს, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას ან გლობალურ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვის პორტების გახსნის შესახებშეთანხმებას ხელი ერთი მხრივ უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ, მეორე მხრივ კი რუსეთმა თურქეთმა და გაერომ მოაწერეს, დღეს კი ოდესის პორტზე რუსული სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსებმა ოდესის პორტში კალიბრის ტიპის ოთხი რაკეტა გაუშვეს, რომელთაგან ორი საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა, მაგრამ მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button