მნიშვნელოვანისიახლეები

რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

“აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – აცხადებენ სუს-ში.

ოკუპირებულ სოფლებს, ზემო არცევსა და ოტრევს, ქართული სოფლები ქერე, ქვეში, აძვი და ჯარიაშენი ესაზღვრება. ტრადიციულად, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევების რაოდენობა გაზაფხულზე და შემოდგომაზე იზრდება, როცა ადგილობრივი მცხოვრებლები მინდვრებში, ნაკვეთებსა და ტყის მასივებში გადიან ხოლმე.

ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

9 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო მეოთხე სახელმწიფოთაშორისო სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საქმე ეხება ე.წ. განგრძობით ოკუპაციას – „ბორდერიზაციას“. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შვიდი მუხლი, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შესახებ მე-4 პროტოკოლის მე-2 მუხლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button