მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ამოწმებენ

ბელარუსში შეიარაღებული ძალების მზადყოფნას ამოწმებენ. როგორც ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მოულოდნელი შემოწმება პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განკარგულებით დაიწყო.
„ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის – ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის სახელით დაიწყო საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება, უშიშროების საბჭოს სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელობით”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ღონისძიებას კომპლექსური ხასიათი ექნება. ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს უმოკლეს ვადებში მოუწევთ წინასწარ განსაზღვრულ რაიონებში დისლოცირება და მათი საინჟინრო მოწყობა, ასევე თავდაცვის ორგანიზება და მდინარე ნემანსა და ბერეზინაზე გადასავლელების მოწყობა“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შემოწმების ფარგლებში დაგეგმილია სამხედრო ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილება, მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა ზოგიერთ გზებსა და საერთო სარგებლობის ტერიტორიებზე.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიერ ნახსენები მდინარეები უკრაინის საზღვრის სიახლოვეს არ მდებარეობს. მდინარე ნემანი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება და ბალტიის ზღვის სრუტეში ჩაედინება, მდინარე ბერეზინა კი ბელარუსს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ კვეთს, სათავიდან მოყოლებული მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე მიედინება და დნეპრს უერთდება.
12 დეკემბერს ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა “ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა” (ISW) თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში დეტალურად განიხილა უკრაინის ომში ბელარუსის შესაძლო მონაწილეობის საკითხი. ინსტიტუტი დაასკვნის, რომ მინსკზე მოსკოვის ზეწოლამ უკუშედეგი გამოიღო და ბელარუსის ჩართვის ალბათობა ომში უკიდურესად დაბალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button