მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ენმ” ს სამ წევრს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის მეოცე საარჩევნო უბანთან დაკავებულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ სამ წევრს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პატიმრობა შეუფარდა.

მათ შორის გიორგი მუმლაძეს 10 დღით, ნიკოლოზ ნარსიას და ალბერტ მერაბაშვილს 8-8 დღით.
მანამდე სასამართლომ კახა კვეკვესკირს 5 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ენმ-ის მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების დღეს უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ, წვრილმანი ხულიგონობის (166-ე მუხლი) და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლი) ბრალდებით 30 ოქტომბერს დააკავეს.

სასამართლო პროცესი დისტანციურად წარიმართა. დაკავებულები კი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობიდან ერთვებოდნენ. დაკავებულების მეგობრის, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრის, ლაშა ხუსკივაძის განცხადებით, ახალგაზრდები ფოთის პოლიციაში გადაიყვანეს.

მოძრაობის წევრები ზუგდიდის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისევე, როგორც დამკვირვებლების დაკავებას ხელისუფლების “დაკვეთად” აფასებენ. ალიკა კუპრავას განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში სასამართლოს მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არც ჰქონიათ. მას მიაჩნია, რომ დამკვირვებლები საარჩევნო უბანს მიზანმიმართულად განარიდეს და უკანონოდ დააკავეს. მისი სიტყვებით, გარდა ამისა, მათ მიმართ დაირღვა დაკავების საპროცესო, 48 საათიანი ვადა, რადგან შაბათს დაკავებული დამკვირვებლები, 48 საათის გასვლის შემდეგ უნდა გაეთავისუფლებინათ, რაც არ მოხდა.

ამ საკითხის მოსაკვლევად პოლიციის სამმართველოში დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლევან პაპავა იმყოფებოდა. მისი განცხადებით, შეისწავლიან, დაირღვა თუ არა დაკავებულების მიმართ საპროცესო ვადები. ამბობს, რომ საპროცედურო ვადების დაუცველობა, რაზეც დაკავებულები საუბრობენ, პრობლემური და საყურადღებოა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების მტკიცებით, დაკავების 48 საათიანი ვადა იყო ამოწურული, ისინი უნდა გაეთავისუფლებინათ და შემდეგ დალოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“ყველა ინფორმაცია, შესაბამისი დოკუმენტები გადაგზავნილია სახალხო დამცველის შესაბამის დეპარტამენტში, რომელიც შეისწავლის და კიდევ ერთხელ გამოითხოვს წერილობით ინფორმაციას და პოზიციას შინაგან საქმეთა სამინისტროსი. საბოლოო შეფასებას აღნიშნულზე გააკეთებს სახალხო დამცველი”, – განაცხადა ლევან პაპავამ

კენჭისყრის დღეს, 30 ოქტომბერს დაპირისპირება მოხდა მეოცე უბანთან მყოფ პირებს შორის, რა დროსაც 5 ახალგაზრდა დააკავეს. მათ შორის 4 არის ენმ-ის მხარდამჭერი, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ.
Write to HERETFMNews
Aa

მსგავსი პოსტები

Back to top button