მნიშვნელოვანისიახლეები

ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში-ოპოზიცია

ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, – ამის შესახებ პატია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტია გახარია საქართველოსთვის მხარდამჭერებს ხვალ საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 25 ნოემბერს 9:00 საათზე პირველი სკოლის მიმდებარედ შეიკრიბებიან.
“ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები!
ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში.
ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოპარა და უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება! ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!”- ნათქვამია განცხადებაში.

“ერთადერთი რაც ამ ქვეყანას განასხვავებს რუსეთისგან არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და დღეს დაანონსებულ აქციაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, ხვალ, 25 ნოემბერს “ქართული ოცნება” პარლამენტში პირველ სესიას, სავარაუდოდ, დილის 9:00 საათზე ჩანიშნავს, ხოლო “ოცნების” წევრები დილის 7:00 საათისთვის სპეცრაზმთან ერთად უკვე შენობაში იქნებიან, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ დღეს საღამოს პარლამენტთან მსვლელობით მისულმა აქციის მონაწილეებმა ღამე ადგილზე გაათენონ.
“ხვალ 25-ში ქოცები აპირებენ ახალი პარლამენტის შეკრებას და საკუთარი თავისთვის ლეგიტიმაციის მიცემას. მაღალი ალბათობით, დილის 9 საათზე ჩანიშნავენ სესიას და შვიდზე ალბათ უკვე ყველა იქნება შიგნით, მათ შორის იქნება სპეცრაზმიც. დილით შეკრება არის რთული, ყველა წარსული გამოცდილება გვიჩვენებს ამას, რამდენჯერაც დილით დავაანონსეთ აქცია, იმდენჯერ პარლამენტის უკან ვიყავით ხოლმე 100-200 კაცი, დილის საათებში. მაგრამ არ შეიძლება ამ მომენტის პროტესტის გარეშე გატარება. ერთადერთი რაც ამ ქვეყანას ახლა განასხვავებს რუსეთისგან, ან ბელარუსისგან არის ის, რომ აქ არ ვეგუებით არსებულ რეალობას და ვაპროტესტებთ. ერთადერთი მიზანი რომელიც დარჩათ რუსებს აქ მისაღწევი არის ის რომ შევეგუოთ ამ არჩევნების მოპარვას და შევეგუოთ, საბოლოო ჯამში, რუსულ მმართველობას. შეგუება ნიშნავს იმას, რომ აღარ გავაპროტესტოთ.
ამიტომ დღეს საღამოს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით წავალთ რუსთაველისკენ და იქ ვაპირებთ რომ დავრჩეთ ღამე, რათა დილით პარლამენტთან იყოს პროტესტი. ვაჩვენოთ, რომ არ ვეგუებით და არ შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას. ვიცი რომ რთულია, ვიცი, რომ ხანდახან აზრს ვეღარ ხედავთ ამ ყველაფერში, მესმის ისიც, რომ ბევრს იმედი გადაგეწურათ, მაგრამ სხვა არავინაა, ვინც დავრჩით ამ ქვეყანაში, ჩვენი გასაკეთებელია. ვერავინ იტყვის ზუსტად როდის მოვახერხებთ გამარჯვებას, მაგრამ ზეგ იქნება, მაზეგ იქნება, ერთ კვირაში იქნება, ერთ თვეში იქნება, თუ ერთ წელში იქნება, როცა იქნება ის მაინც გვექნება, რომ საჭირო დროს ვიდექით საჭირო ადგილას. ამიტომ დღეს, 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე,” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

ხვალ 12:00 საათიდან, მე-11 მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს. სახელისუფლებო გუნდის ახალი შემადგენლობა პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაშია. უკვე გაწერილია დღის წესრიგიც, თუმცა სავარძელს 150-დან 89 დეპუტატი დაიკავებს.
“ქართული ოცნება” საკანონმდებლო ორგანოში, ოპოზიცია კი მის გარეთ, ქუჩაში რჩება. უარს ამბობენ მანდატებზე, თუმცა ისევ გაურკვეველია, ექნება თუ არა მათ სურვილს სამართლებრივი მსვლელობა, რომელიც ბარიერგადალახული პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასაც გამოიწვევს.
ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ერთადერთი სწორი ფორმა წინააღმდეგობა და ქუჩის პროტესტია.
“პარლამენტი, რომელიც არ აღიარა დასავლეთმა, არ აღიარებს არავინ ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ აღიარებენ, პრეზიდენტმა პირველი სხდომა არ ჩანიშნა, კოალიცია “ცვლილებისთვის” და სხვა პარტიებიც, დიახაც, არათუ ვაპირებთ, ამაზე განცხადებებიც არაერთხელ არის გაკეთებული, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც არის მისაღები. თუ კიდევ გახდება საჭირო განცხადებების დაწერა, მალევე დაიწერება ეს განცხადებებიც. არალეგიტიმურ პარლამენტში, არ მგონია, რომ რომელიმე ოპოზიციონერი შევიდეს”, – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.

ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება – უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „არანაირი ნიჰილიზმი“, ვინაიდან გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია.
„ჩვენ ყველა აქციაში ვიღებთ მონაწილეობას. ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება. ხელისუფლებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, რომ სიბრაზე, მოტყუებისგან შეურაცხყოფილი ხალხის ნება არსად წასულა. ჩვენ მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას. მინდა გითხრათ, რომ არანაირი ნიჰილიზმი, ხელების ჩამოყრა. ქართველი ხალხის ხელში აუცილებლად იქნება გამარჯვება. ამ ქვეყანაში უნდა დავამთავროთ ხავსმოკიდებული ტყუილი და საბჭოთა მენტალიტეტი. ახალი არჩევნები უნდა იყოს მოპოვებული. ამას მოვიპოვებთ როგორც ქუჩაში, ისე სხვა მექანიზმებით, რაც გითხარით.
დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ვისაც მომავალი წაართვეს. ხვალ 9:00 საათზე ყველა უნდა ვიყოთ აქ. დღეს საღამოს ყველა ვიკრიბებით პარლამენტის გარშემო. მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ქალების მარშს. ძალიან მნიშვნელოვანია მათ პროტესტი და აქტიურობა. ერთიანობა და სიმტკიცე! ერთი წამით არანაირი ნიჰილიზმი! გამარჯვება ქართველი ხალხის ხელშია. ჩვენ ვართ მართლები, მომავალი მოგვპარეს და დავიბრუნებთ პროტესტით, აკადემიური მუშაობით, საერთაშორისო ურთიერთობებით“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ – განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას, -ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ მსვლელობაზე მათ უერთდებიან რეგიონებიდანაც. ამასთან, მსვლელობის პარალელურად, გაიმართება მანქანების მარშიც, რომელიც 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მსვლელობით წავალთ საქართველოს პარლამენტისკენ. პარალელურად გვიერთდებიან რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები. დასავლეთ საქართველო შეიკრიბება რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო თავისუფლების მოედანზე.
ჩვენი მსვლელობის პარალელურად გაიმართება მანქანებით მსვლელობა მთელ ქალაქში, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ კი განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და სადაც მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, საერთო არ აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან და პარლამენტთან. ეს იქნება თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ ექნება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 25 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადონ და დღის განმავლობაში შეუერთდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციას.
„ამიტომ, გთხოვთ უმორჩილესად, დღეს 21:00 საათზე მობრძანდით რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავაკეტოთ მსვლელობა. მეორე, უმორჩილესად გთხოვთ, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ – დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, რომელიც იქნება უწყვეტად, საღამოს 21:00 საათიდან, როდესაც მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხვალ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა დადგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button