მსოფლიოსიახლეები

ჩინეთში ქალაქი უჰანი გაიხსნა

ჩინეთის ხელისუფლებამ შესასვლელები და გზა გახსნა ჰუბეის პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ უჰანში, რომელიც 23 იანვრიდან, კორონავირუს COVID-19-ის ეპიდაფეთქების გამო, ჩაკეტილი იყო.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის ბოლოს, სწორედ უჰანიდან დაიწყო, სადაც დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კარანტინის რეჟიმის გაუქმების და ქალაქის გახსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში უჰანში COVID-19-ის ახალი შემთხვევა აღარ ყოფილა.

სააგენტო AP-ს ინფორმაციით, ქალაქის გახსნიდან მალევე უჰანი 65 ათასამდე ადამიანმა დატოვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, საჭიროების გარეშე ქალაქიდან არ გაემგზავრონ, რადგან თეორიულად შესაძლებელია, ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყოს.

ჩინეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით დაავადდა 81 800-ზე მეტი ადამიანი. მათგან 50 000-ზე მეტი, – უჰანში. ჩინეთში გარდაცვლილთა რიცხვი 3 300-ს აჭარბებს.

ამჟამად COVID-19 გავრცელებულია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. ამ მომენტისთვის, სულ დაავადდა 1 433 012 ადამიანი. გარდაიცვალა 82 136 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 302 351 ადამიანი.

მსგავსი პოსტები

Back to top button