მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის ომი ნიმუშის ნაწილია ნიმუში, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით

მაკრონის თქმით, ახლა რუსეთთან დიალოგის დრო არ არის

უკრაინაში ომი მხოლოდ ევროპელების ომი არ არის, ის მთელ მსოფლიოს ეხება, – ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ეს არა მხოლოდ ევროპელების ომია, ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება, რადგანაც აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ახალი იმპერიალისტური მიდგომა, რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავთ, რაც გამოიხატება მეზობლის წინააღმდეგ აგრესიაში და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაში. ამასთან, ამ ომის აგრესიის დროს ყველა ტაბუ დაირღვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა დაარღვია გაერო-ს ქარტია. ვიხილეთ კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, დანაშაულებები, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ასევე არსებობს ბირთვული საფრთხეც“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის შედეგად წარმოქმნილ კრიზისებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს ეკისრება.

„არსებობს მხოლოდ ერთი აგრესორი და ერთი მხარე, რომელსაც თავს დაესხნენ, ეს მკაფიოა“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ რუსეთმა ამ ომის წამოწყებისას დასახულ ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. მაკრონის თქმით, რუსეთს ეგონა, რომ სწრაფად მიაღწევდა წარმატებას ბრძოლის ველზე, მაგრამ უკრაინელების შემართებამ და სიმამაცემ აჩვენა, რომ რუსეთმა ეს ვერ შეძლო. ასევე, მაკრონის თქმით, ომის შედეგად უკრაინის კონსოლიდაცია მოხდა, ხოლო ნატო გაფართოვდა, რაც რუსეთს არ სურდა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ასევე მარცხი განიცადა რუსეთის კოლონიალისტურმა აზროვნებამ.

„რუსეთს სურდა, გავლენის სფეროები შეექმნა და ისე გამოეყვანა, თითქოს უკრაინაში წამოწყებულ ომს ლეგიტიმური საბაბი ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ იმუშავა. ერთი წლის შემდეგაც ეს არ მუშაობს. რუსეთის მიმართ დიდი უნდობლობა არსებობს და თავდაცვა მეტად მნიშვნელოვანი გახდა. მაგალითად, როგორ უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიაში გამოწვევის გადაჭრა რუსეთს შეუძლია? რუსეთს, რომელიც წარმოადგენს ახალ კოლონიალისტურ სახელმწიფოს“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე თქვა, რომ ევროპაში გრძელვადიანი უსაფრთხოება და სტაბილურობა რუსეთის პრობლემის გადაჭრის გარეშე ვერ მოხერხდება. ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა აჩვენოს ერთიანობა და გააგრძელოს დიალოგი, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება. თუმცა, მაკრონის თქმით, ჯერ ამის დრო არ დამდგარა.

„ახლა რუსეთთან დიალოგის დრო ჯერ არ მოსულა. რუსეთმა აირჩია ომი. რუსეთმა ამ ომის ესკალაცია აირჩია. რუსეთმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და ჩაედინა ომის დანაშაულებები. მოკლევადიან პერიოდში გამოსავალი მარტივია – რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი და რუსეთის თავდასხმა წარუმატებელი უნდა იყოს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ძალადობა ნორმად იქცეს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მსოფლიოში სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – განაცხადა მაკრონმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაკრონმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის, რათა დაეხმარონ ქვეყანას კონტრშეტევაში.

მაკრონის თქმით, მხოლოდ უკრაინის კონტრშეტევას შეუძლია შემდგომში დაუშვას “სანდო მოლაპარაკებები, რომლებიც განსაზღვრული იქნება უკრაინის, მისი ხელისუფლებისა და მისი ხალხის მიერ”.

უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა თავისუფლების დასაცავად დიდ საფასურს იხდის, ევროპის ქვეყნები კი მის მხარდაჭრას გააგრძელებენ.

„პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს. ყველაფერი პირიქით მოხდება. უკრაინა იმაზე ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი ერთიანია და ის მხარს უჭერს უკრაინის მომავალ წევრობას ევროკავშირში. ნატო ფართოვდება, ალიანსს ახალი წევრები ემატება. ამავე დროს ათასობით ახალგაზრდა რუსმა საკუთარი სიცოცხლის ფასი გადაიხადა პუტინის ომისთვის და უამრავმა სხვამ ზურგი აქცია საკუთარ ქვეყანას. უკრაინელები თავისუფლების დასაცავად დიდ საფასურს იხდიან და აჩვენებენ შთამბეჭდავ სიმტკიცეს. ჩვენ კი მათ მხარს ვუჭერთ და ასე იქნება, ვიდრე ეს საჭიროა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

ოლაფ შოლცის განცხადებით, მხოლოდ გერმანიამ გასულ წელს უკრაინის მხარდასაჭერად 12 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო და ერთ მილიონ უკრაინელ ლტოლვილზე მეტი შეიფარა.

კანცლერის თქმით, გერმანია ევროპის კონტინენტურ ნაწილზე მდებარე ქვეყნებს შორის ყველაზე მეტ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, რაც გერმანიაში ბევრს აშფოთებს.

„მინდა, ვუთხრა მათ, რომ ომს არ აჭიანურებს ჩვენ მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, პირიქით. რაც უფრო მალე გააცნობიერებს პუტინი, რომ მას არ შეუძლია იმპერიალისტური ამოცანების მიღწევა, მით მეტი შანსია, რომ ომი მალე დასრულდება რუსეთის საოკუპაციო ძალების გაყვანის გზით. ეს არის უკრაინის მიზანიც“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ევროპა და ტრანსატლანტიკური საზოგადოება ამ მიზნის გარშემო არის გაერთიანებული. მისივე თქმით, ეს ასევე მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებას და დამნაშავეების გასამართლებას.

„გრძელვადიანი მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ დადგება“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მისივე თქმით, ამასთან ერთად, აუცილებელია უზრუნველყოფა, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი არ დაიწყება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსირებას უკრაინისათვის შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო მხარდაჭერასა და წინასწარი განზრახვის გარეშე ესკალაციის თავის არიდებას შორის. კმაყოფილი და მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და ნატო-ს ბევრი სხვა წევრი იზიარებს ამ შეხედულებას“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე ნატო-ს წევრებს შორის კოორდინაციის აუცილებლობას.

“გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი ნიმუშის ნაწილია. ნიმუში, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით,” – განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიუნხენში გააკეთა. უსაფრთხოების კონფერენციამ სტარტი აიღო. სამი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები უსაფრთხოების გამოწვევებსა და უკრაინის ომზე ისაუბრებენ. გახსნით სესიაში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

სტოლტენბერგმა მედიის კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა.

“გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ უკრაინის ომი ნიმუშის ნაწილია. ნიმუში, რომელიც რეალურად დაიწყო საქართველოში შეჭრით. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ სასტიკი ომი სირიაში, ყირიმის უკანონო ანექსია და შემდეგ ჩვენ ვნახეთ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის შეტყობინება ომიდან 1 წლის შემდეგ. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას. ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ და უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა, რადგან თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს ეს ტრაგედია იქნება უკრაინისთვის და ეს სახიფათო იქნება ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესებშია უკრაინის მხარდაჭერა,” – აცხადებს სტოლტენბერგი.

მსგავსი პოსტები

Back to top button