ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები თამაზ ფსიტიძე და ზურაბ პეტრიაშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).
“საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით”, – აცხადებენ სუსში.
სუს-ის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას – მათი თქმით, ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.
ცნობისთვის ადგილობრივების თქმით, ორი უკანონოდ დაკავებული პირი ნახირში იყო და სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს აიყვანეს ისინი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა.
მათივე თქმით, დაკავებულებმა თავად მოახერხეს ახლობლებთან დარეკვა, რათა შეეტყობინებინათ უკანონოდ დაკავების შესახებ.
“დილით წავიდნენ ნახირში და აღარ მოვიდნენ საღამოს. საქონელი ჩამოვიდა უპატრონოდ და გაგიგეს ხალხმა, რომ ასე იყო. ვინც დაინახა ადრე წავიდნენ მორეკეს საქონელი. მერე პოლიცია მოვიდა, წაყვანილები არიანო. როგორც იქ ნამყოფებმა თქვეს სასამართლო ტარდებაო, მერე გადაიხდი ჯარიმას და მოდიხარ. ერგნეთში მოიყვანენ და გადმოსცემენ ჩვენს პოლიციას”, – განაცხადა ადგილობრივმა.
გუშინ, 22 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათისთვის, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ადამიანი უკანონოდ დააკავეს. სუსში აცხადებდნენ, რომ აამოქმედეს ყველა არსებული მექანიზმი მათ უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.