
„თქვენ ვერ წაგვიკითხავთ ლექციას”
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს მისი ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, არ ჩაერიოს თურქეთის საქმეებში, რადგან ნატოს მოკავშირეებს შორის დაძაბულობა იზრდება.
„თქვენ ვერ წაგვიკითხავთ ლექციას ჰუმანურობის შესახებ.” – დასძინა მან და გაიხსენა მასობრივი ხოცვა ალჟირში, რომელსაც 1 მილიონი ადამიანი შეეწირა და რუანდაში, სადაც 800 000 ადამიანი მოკლეს.
„ნუ ერევი თურქეთსა და თურქ ხალხში.” – მოუწოდა მაკრონს ერდოღანმა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტის წინ, მაკრონმა თქვა:

„ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი თურქეთის მთავრობასთან და არა თურქ ხალხთან, რომელიც ერდოღანის მთავრობაზე მეტს იმსახურებს.
“თურქეთი აღარ არის პარტნიორი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.” – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ ლიბიის სანაპიროებთან, ნატოს მოკავშირე თურქეთს, ფრანგულ გემთან მიუღებელი შეტაკებები ჰქონდა.
ხუთშაბათს თურქეთმა დაგმო მაკრონი მისი “ქედმაღლური” გამონათქვამების და “კოლონიური რეფლექსების” გამო.
ხოლო იმ განცხადებაში, რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ მაკრონი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინტერესებს თავისი „ინდივიდუალური და ნაციონალისტური პოზიციით.“
აშშ “ღრმად შეშფოთებულია”
“ამერიკის შეერთებული შტატები “ღრმად შეშფოთებულია” თურქეთის მოქმედებების გამო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.” Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ შაბათს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„რეგიონის ქვეყნებმა დიპლომატიურად და მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტონ უთანხმოებები, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების და საზღვაო საკითხებზე.
“გაზრდილი სამხედრო დაძაბულობა არავის ეხმარება, გარდა მოწინააღმდეგისა, ვისაც სურს განხეთქილება ტრანსატლანტიკურ ერთიანობაში.” – თქვა პომპეომ.
ცნობისთვის, თურქეთმა რეგიონის ცალკეულ რაიონებში ორი საკვლევი ხომალდი გაგზავნა, რასაც კვიპროსისა და საბერძნეთის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ ანკარა მათ შესაბამის კონტინენტურ შელფებზე მოქმედებს.
თურქეთი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, მას ლეგიტიმური პრეტენზია აქვს. აღსნიაშნავია, რომ საბერძნეთსა და თურქეთს შორის არ არსებობს შეთანხმება მათი კონტინენტური შელფის განსაზღვრის შესახებ.
”ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული თურქეთის მხრიდან მიმდინარე ოპერაციებით. კვიპროსის რესპუბლიკას აქვს უფლება, გამოიყენოს თავისი ბუნებრივი რესურსები, მათ შორის, ნახშირწყალბადები მოიძიოს მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში.” – თქვა მაიკ პომპეომ.